ევროვიზია

2023 წლის ევროვიზია უკრაინის ნაცვლად დიდ ბრიტანეთში გაიმართება

2023 წლის ევროვიზიის კონკურსი დიდ ბრიტანეთში ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ სიმღერის კონკურსისთვის 2022 წლის ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყანას, უკრაინას უნდა ემასპინძლა, თუმცა, ქვეყანაში მიმდინარე ომისა და უსაფრთხოების გამო, ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება მიიღეს, რომ მომდევნო წლის კონკურსი სხვა ქვეყანაში ჩაეტარებინათ. 

2022 წლის ევროვიზიაზე მეორე ადგილი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა დაიკავა, სწორედ ამიტომ, კონკურსის ორგანიზატორებმა მასპინძლობის თაობაზე მოლაპარაკებები დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან (BBC) წამოიწყეს, რაც წარმატებით დასრულდა.

"მადლობელი ვართ, რომ ჩვენმა პარტნიორებმა BBC-ში ჩვენ მიმართ სოლიდარობა გამოხატეს". - ამბობს უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი, მიკოლა ჩერნოტიცკი.

ჯერჯერობით უცნობია, თუ კონკრეტულად რომელი ქალაქი უმასპინძლებს ევროვიზიას 2023 წელს, თუმცა, რამდენიმე მათგანმა ინტერესი უკვე გამოხატა, მათ შორის არის მანჩესტერი და გლაზგო. მასპინძელი ქალაქის შესარჩევი კონკურსი მიმდინარე კვირაში დაიწყება. 

უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენლები BBC-სთან ითანამშრომლებენ, რათა შოუს უკრაინული ელემენტები ჰქონდეს. უკრაინა 2022 წელს გამარჯვების გამო, ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას კონკურსის ფინალში.

15 მაისს, უკრაინულმა ჯგუფმა Kalush Orchestra-მ 2022 წლის ევროვიზიის კონკურსში გაიმარჯვა სიმღერით Stefania. 17 მაისს Kalush Orchestra-მ უკრაინული საქველმოქმედო ფონდებისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად ევროპაში ტურნე დააანონსა. ამის შესახებ ჯგუფმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

30 მაისს ჯგუფმა მოპოვებული ჯილდო უკრაინის დასახმარებლად აუქციონზე, $900 000-ად გაყიდა. 

კომენტარები