ოპოზიცია

ნოდია: პოლიტიკურად აქტიური ხალხის პრობლემაა, რომ აქვთ რევოლუციური მოუთმენლობა

ამ წუთში ნამდვილად არ იცის ოპოზიციამ რა გააკეთოს, ასეთ შთაბეჭდილებას ნამდვილად ახდენს. ერთია, რომ ის არ არის ფოკუსირებული პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზებაზე, ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორეა, რომ მას არ აქვს მკაფიო სტრატეგია, თუნდაც რეჟიმის შეცვლის. ჩავთვალოთ, რომ გასაგებია ალტერნატიულობა, ის არის, რომ ოპოზიცია აცხადებს, რომ ერთგულია ევროპული არჩევანის და ხელისუფლება - არა, ამ დონეზე ეს შეგვიძლია ვთქვათ. გარდა ამისა, გასაგებია, რომ კონკრეტიკა აკლია, ეს ერთი პრობლემაა, მაგრამ მეორეა, რომ ხელისუფლების შეცვლა, როგორ უნდა მოხდეს, გასაგებია, რომ ოპოზიცია უნდა იყოს ამის ლიდერი, მან არამარტო ის უნდა გითხრას, რომ მე რას ვიზამ შემდეგ, არამედ ისიც, რომ როგორ მოვალ ხელისუფლებაში, ჩვეულებრივი საპარლამენტო წესით მოვალ და დავუცდი შემდეგ არჩევნებს, თუ მანამდე რაღაცა პროცესების ლიდერი ვიქნები, რომლებიც ვადამდელ არჩევნებს გამოიწვევს, ან რაღაცას ხომ. რაღაცნაირად, ოპოზიცია ამ თვალსაზრისით ამოვარდა. მე ვგულისხმობ იმას, რომ პრაქტიკულად 2020 წლის არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ არარეალისტური მოლოდინი გაუჩინა საზოგადოებას, ბოიკოტის გადაწყვეტილებით, ბოიკოტს რომ აცხადებ, ესეიგი ამწვავებ თამაშს, თამასას წევ, რომ მე ბოიკოტს რომ ვაცხადებ, მივაღწევ ადრეულ არჩევნებს, სხვანაირად აზრი არ აქვს ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვერ მიაღწია.

მერე მეორე ის იყო, რომ ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, გასაგებია რომ ეს მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ამანაც გააჩინა ოპოზიციის დიდ ნაწილში მოლოდინი, რომ ახლა რაღაცა მოხდება და ისევ არაფერი მოხდა. ამან გააჩინა საზოგადოების ერთ ნაწილში მოლოდინი, რომ რაღაც მაგიურად შემოტრიალდებოდა ქართული პოლიტიკა და არ შემოტრიალდა და ეს მარტო ოპოზიციის პრობლემა არ არის, ეს არის პოლიტიკურად აქტიური საზოგადოების პრობლემა, რომ მას აქვს რევოლუციური მოუთმენლობა, ასე ვთქვათ და ხელისუფლების შეფასებაში სრულიად ვიზიარებ, რომ ჩვენ არ უნდა ვითმენდეთ ამ ხელისუფლებას, მორალურ პათოსს ვიზიარებ, მაგრამ მეორე მხრივ და თუნდაც იგივე ულტიმატუმი ამ დღეებში ხო, რომ უნდა გადადგეს ღარიბაშვილი, თუ არ გადადგა მერე რას შვები, ამის იქით თითქოს აღარ არის გათვლა, მაგრამ ეს ულტიმატუმი თუ არ დააყენე და მოლოდინი არ შექმენი, თითქოს ხალხის მობოლიზაციას ვერ მოახდენ, ასეთი განწყობაა ოპოზიციურად განწყობილ ხალხში, რომ დრო არ ითმენს და ახლავე უნდა მივაღწიოთ შედეგს, მე გამიხარდება ახლავე რომ მიაღწიო შედეგს, მაგრამ არ არის ახლავე ამ შედეგის მიღწევის რესურსი - ვგულისხმობ, ხელისუფლების შეცვლას. ამასთან შეგუებაც ვერ ხდება, ჭირს ამასთან შეგუება და ამიტომ მიდის მუდმივი - ჯერ პარლამენტი არალეგიტიმურია, ჩავხსნათ სიები, მერე შევიდეთ პარლამენტში, ისევ გამოვიდეთ, მერე ისევ შევიდეთ, რაღაც ულტიმატუმი გამოვაცხადოთ, მერე ვთქვათ ჩვენ თვითონ, რომ არარეალისტური მოლოდინები არ უნდა წავახალისოთ, რაც თავისთავად სწორია, მაგრამ ამ მოლოდინების აწევა-დაწევის რეჟიმში ვართ.

თქვა პოლიტოლოგმა, გია ნოდიამ, ტელეკომპანია პირველის ეთერში.

კომენტარები