დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ლაფიდი ღაზიდან თავდასხმებზე: პოლიტიკა არ შეგვიცვლია, პასუხი სწრაფი და ძლიერი იქნება

იაირ ლაფიდი
The Times of Israel

ისრაელის პრემიერმინისტრი, იაირ ლაფიდი გამოეხმაურა გასული დღეების თავდასხმებს ღაზის სექტორიდან.

ლაფიდის თქმით, ისრაელის პასუხი მსგავს შემთხვევებზე კვლავ "სწრაფი და ძლიერი" იქნება. 

"ამ მთავრობის პოლიტიკა არ შეცვლილა. ნებისმიერ თავდასხმას, ნებისმიერ აალებად ბუშტს – ვუპასუხებთ სწრაფად და ძლიერად, ყოყმანის გარეშე". – თქვა ლაფიდმა. 

პარასკევს, 15 ივლისს ღაზის სექტორიდან ისრაელის ზღვისპირა ქალაქის, აშქელონის მიმართულებით პალესტინურმა ჯგუფებმა ორი რაკეტა გაუშვეს. ერთი მათგანი რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ უვნებელყო, მეორე კი დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა და ზიანი არ გამოუწვევია.

საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საჰაერო იერიში მიიტანეს ღაზაში მდებარე მიწისქვეშა ობიექტებზე, რომლებიც, სამხედროების თქმით, რაკეტების წარმოებისთვის გამოიყენებოდა.

ისრაელის საპასუხო მოქმედებას ღაზის სექტორიდან მათი მიმართულებით კიდევ ორი რაკეტის გაშვება მოჰყვა, თუმცა, როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, ორივე დაუსახლებელ პუნქტში ჩამოვარდა. მეორე თავდასხმის შემდეგ, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანა დაჯგუფება ჰამასის კიდევ ერთ ობიექტზე, სადაც, მათი თქმით, იარაღებს აწარმოებდნენ.

როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, პირველი კონტრიერიშის სამიზნე იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საწარმო რაკეტებისთვის საჭირო მასალების წარმოებისთვის. 

სარაკეტო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ღაზის სექტორში მოქმედ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. 

ღაზის სექტორიდან სარაკეტო იერიშები მოხდა რამდენიმე საათის შემდეგ, რაც აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისრაელში ვიზიტი გამართა და საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობის გაუმჯობესების შეძლების მომცემი შეთანხმების გამოცხადებიდან ცოტა ხნის შემდეგ. 

ღაზის სექტორიდან, რომელსაც დაჯგუფება ჰამასი მართავს, ისრაელის მიმართულებით რეგულარულად უშვებენ რაკეტებსა და ხანძრის გამომწვევ აალებად ბუშტებს. გასულ წელს, ალ-აკსას მეჩეთის გარშემო არსებულ დაძაბულობას ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის 11-დღიანი კონფლიქტი მოჰყვა, რომლის განმავლობაშიც ისრაელის მიმართულებით პალესტინურმა დაჯგუფებებმა 3000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს. ისრაელის შეიარაღებულ ძალებს ანკლავში საპასუხო იერიშები მიჰქონდათ.

კომენტარები