კალინინგრადის ტრანზიტი

ევროკავშირი კალინინგრადში სანქცირებული პროდუქტის რკინიგზით შეტანის ნებას იძლევა

ევროპული კომისიის განცხადების მიხედვით, რუსეთს სანქცირებული პროდუქტის ევროკავშირის ტერიტორიის გავლით კალინინგრადის მიმართულებით რკინიგზით გაგზავნა კვლავ შეეძლება

ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიღებული ზომები ეხება სამანქანო გზას და არა რკინიგზას. შესაბამისად, სანქცირებული პროდუქტის რკინიგზის მეშვეობით გადატანა დაშვებული გახდება. 

ევროკომისია ხაზს უსვამს, რომ ერთადერთი საქონელი, რომლის ტრანსპორტირებაც არც ერთი გზით არ დაიშვება, სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქტებია. დანარჩენი სანქცირებული საქონლის ტრანზიტი, რაც რკინიგზით ნებადართული იქნება, შესაბამისი კონტროლის განხორციელების შემდეგ მოხდება.

ევროკომისიამ ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის წევრები ვალდებული არიან რუსეთისთვის დაწესებული სანქციები შეასრულონ.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ისინი ევროკომიის მითითებას გაითვალისწინებენ, თუმცა, ასევე ვილნიუსმა ხაზი გაუსვა, რომ სანქცირებულ საქონელზე აქამდე არსებული პოლიტიკა "უფრო მისაღები" იყო.

"კალინინგრადის ტრანზიტის წესებმა შესაძლოა შექმნას უსაფუძვლო წარმოდგენა, რომ ტრანსატლანტიკური საზოგადოება რუსეთის მიმართ პოზიციასა და სანქციების პოლიტიკას არბილებს". – ეწერა ლიტვის საგარეო უწყების განცხადებაში. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით თქვა, რომ ეს "რეალიზმისა და საღი აზრის გამოვლინება" იყო.

18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებდა იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადაჰქონდათ.

ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედა ამბობდა, რომ ვილნიუსს აუცილებლად უნდა შეესრულებინა ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი "დერეფანი" არ იქნებოდა.

გასულ დღეებში კალინინგრადის გუბერნატორი ლიტვას "კრიტიკული ეკონომიკური ზომებითა" და მათ შედეგად ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით ემუქრებოდა.

11 ივლისს ლიტვამ კალინინგრადის მიმართულებით დამატებითი საქონლის: ცემენტის, ხე-ტყის, ალკოჰოლისა და ალკოჰოლის შემცველი სამრეწველო ქიმიკატების შეტანა აკრძალა.

კომენტარები