გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბალტიის რეგიონში დაძაბულობის შემცირების მოტივით, ლიტვასა და ევროკავშირს კალინინგრადში სატვირთო გადაზიდვებზე შეზღუდვების მოხსნისკენ მოუწოდა.
შოლცმა მადრიდში, NATO-ს სამიტზე გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ აუცილებელი ჩარჩოებისა და წესების დადგენა ევროკავშირის პრეროგატივაა, თუმცა ამ შემთხვევაში, შოლცის თქმით, საქმე რუსეთის ორ ნაწილს შორის მოძრაობას ეხება.
"ევროკავშირის წესები ყოველთვის უნდა ითვალისწინებდეს იმას, რომ ამ შემთხვევაში საქმე რუსეთის ორ ნაწილს შორის მოძრაობის შეფერხებასთან გვაქვს". - თქვა შოლცმა.
შოლცის აზრით, ევროკავშირის სანქციები რუსული საქონლის წინააღმდეგ არ უნდა იყოს გამოყენებული, რადგან ეს საქონელი ბლოკში არა იმპორტის, არამედ მხოლოდ ტრანსპორტირების სახით შედიოდა.
"მჯერა, რომ ყველა ჩართული მხარე კონფლიქტის დეესკლაციისთვის დიდ ძალისხმევას დებს". - თქვა შოლცმა.
ამჟამად, ევროკავშირის მაღალჩინოსნები ლიტვასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ, რათა რუსეთსა და კალინინგრადს შორის სატვირთო მიმოსვლაზე სანქციები მოიხსნას.
18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.
ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.
20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.
ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი "დერეფანი" არ იქნება.