კალინინგრადის ტრანზიტი

ლიტვამ კალინინგრადის მიმართულებით გამავალ პროდუქტებზე სანქციები გაამკაცრა

რუსეთის მუქარის მიუხედავად, ლიტვამ რუსეთის ფედერაციის ექსკლავის, კალინინგრადის მიმართ სანქციების გამკაცრება გადაწყვიტა.

დამატებითი შეზღუდვების ფარგლებში, ლიტვა საკუთარი ტერიტორიის გავლით კალინინგრადში აღარ დაუშვებს ცემენტის, ხე-ტყის, ალკოჰოლისა და ალკოჰოლის შემცველი სამრეწველო ქიმიკატების შეტანას. 

კალინინგრადის გუბერნატორის თქმით, ლიტვას სანქციები ახლა არ გაუმკაცრებია და ახალი შეზღუდვები ევროკავშირის აქამდე არსებული სანქციების მომდევნო ნაწილია. მისი თქმით, დეკემბერში სანქციები შეეხება ნავთობპროდუქტებსაც.

გასულ დღეებში კალინინგრადის გუბერნატორი ლიტვას "კრიტიკული ეკონომიკური ზომებითა" და მათ შედეგად ბალტიისპირეთის სატრანსპორტო კომპლექსის განადგურებით ემუქრებოდა.

18 ივნისიდან ლიტვა კალინინგრადის მიმართულებით აღარ უშვებს იმ მატარებლებს, რომელთაც ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქტი გადააქვთ.

ლიტვას ამ გადაწყვეტილების გამო რუსი სენატორები დაემუქრნენ, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კი ვილნიუსის ქმედებას უპრეცედენტო და უკანონო უწოდა.

20 ივნისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიტვის საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს. მას სამინისტროში გადამწყვეტი პროტესტი განუცხადეს და საპასუხო ქმედებით დაემუქრნენ.

ლიტვის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას თქმით, ვილნიუსმა აუცილებლად უნდა შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები და, როგორც აღნიშნა, კალინინგრადის ტრანზიტისთვის არანაირი "დერეფანი" არ იქნება.

კომენტარები