პუტინისტური ჯგუფები

ფალავანდიშვილები, მახარაძე, ვარდოსანიძე – მთაწმინდაზე 26 პუტინისტი დააკავეს

გუშინ, 1-ელ ივლისს მთაწმინდაზე 26 პუტინისტი დააკავეს. ტაბულას ინფორმაციით, მათ შორის არიან პუტინისტური და ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები - ზურაბ მახარაძე, ბექა ვარდოსანიძე, ასევე, გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები. 

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, 26 ადამიანი ადმინისტრაციული წესით დააკავეს. 

ძალადობრივი ჯგუფის წარმომადგენლები პრაიდის ფესტივალის წინააღმდეგ ფესტივალის შესაძლო ტეროტორიის მიმდებარედ აქციას მართავდნენ. 

პუტინისტური ალტ-ინფო ასევე ადასტურებს მათი ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი მარტინენკოს დაკავებასაც. 

დაკავება არ უკავშირდება ძალადობის მოწოდების ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას.  

დღეს, 2 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაკავებულთა შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა - ტაბულა მას უცვლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 1 ივლისს თბილისი პრაიდის მოწინააღმდეგეები შეიკრიბნენ და მოახდინეს ფესტივალის ადგილზე მისასვლელი გზების პარალიზება, მოძრაობის ხელოვნური შეფერხება, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ადგილზე მოუწოდეს მათ გაეთავისუფლებინათ გზის სავალი ნაწილი. პოლიციამ აქციის მონაწილეებს, ასევე მიუთითა პროტესტი განეგრძოთ ისეთ ადგილზე, სადაც ხელს არ შეუშლიდნენ და არ დაარღვევდნენ სხვა მოქალაქეთა უფლებებს. გვიან ღამით, სამინისტროს მხრიდან ადგილზე გაკეთებული გაფრთხილების მიუხედავად, შეკრებილები არ დაემორჩილნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნას და სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა. შესაბამისად, პოლიციამ გამოიყენა კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლების საფუძველზე 26 პირი დააკავა". - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

კომენტარები