რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს

ვოლოდიმირ ზელენსკი და ბორის ჯონსონი

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით $1.2 მილიარდის სამხედრო დახმარებას გაუწევს. ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მადრიდში, NATO-ს სამიტზე ისაუბრა.

"ეს წამახალისებელი დაფინანსება მოასწავებს ახალ ფაზასას საერთაშორისო საზოგადოების უკრაინის მიმართ დახმამრებაში. პუტინის სისასტიკე კვლავ ართმევს უკრაინელებს სიცოცხლეს და საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპის მასშტაბით. გაერთიანებული სამეფოს იარაღი, აღჭურვილობა და წვრთნები გარდაქმნის უკრაინის თავდაცვას ამ ძლიერი თავდასხმის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინელი ხალხის გვერდით დგომას, რათა ვუზრუნველყოთ პუტინის დამარცხება უკრაინაში". – თქვა ჯონსონმა. 

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბორის ჯონსონის გადაწყვეტილებას Twitter-ზე გამოეხმაურა და მას მადლობა გადაუხადა უკრაინის თანმიმდევრული მხარდაჭერისთვის რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

"მადლობას ვუხდი პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონს უკრაინის უსაფრთხოების დასახმარებლად გამოყოფილი დამატებით £1 მილიარდისთვის. ჩვენი ჭეშმარიტი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ ვაფასებთ თანმიმდევრულ, მოწინავე დახმარებას რუსეთის აგრესიასთან დასაპირისპირებლად". – წერს ზელენსკი.

რამდენიმე კვირის წინ გაერთიანებული სამეფო უკრაინას M270-ის 80 კილომეტრის რადიუსის მქონე ზალპურ ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ისაუბრა.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები