ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანება

პუტინი ფინეთ-შვედეთს საფრთხით ემუქრება თუ NATO-ს სამხედრო ინფრასტრუქტურას განათავსებენ

ვლადიმირ პუტინი თურქმენეთში, 2022 წლის 29 ივნისი
კრემლი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი თურქემენეთში ვიზიტის დროს მედიასთან საუბრის ფარგლებში დაემუქრა ფინეთსა და შვედეთს, რომლებიც, სავარაუდოდ, მალე NATO-ს წევრები გახდებიან.

პუტინმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება, უკრაინისგან განსხვავებით, რუსეთისთვის დიდი პრობლემა არაა, რადგან მათთან მოსკოვს ტერიტორიული დავები არ აქვს.

"რაც შეეხება შვედეთსა და ფინეთს. ჩვენ მათთან არ გვაქვს ისეთი პრობლემები, როგორიც, სამწუხაროდ, უკრაინასთან გვაქვს. არ გვაქვს ტერიტორიული საკითხები, დავები, არ გვაქვს არაფერი, რაც ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისით შეგვაშფოთებდა. უნდათ [გაწევრიანება]? კი ბატონო". – თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს კონტინგენტებსა და სამხედრო ინფრასტრუქტურას საკუთარ ტერიტორიაზე განათავსებს, რუსეთი იძულებული იქნება "სარკისებურად" უპასუხოს და საპასუხო საფრთხე შექმნას.

"თუმცა მათ ნათლად და ცხადად უნდა შეიგნონ, რომ ადრე მათთვის არანაირი საფრთხე არ არსებობდა, ახლა, იქ სამხედრო კონტინგენტებისა და ინფრასტრუქტურის განთავსების შემთხვევაში, ჩვენ იძულებული ვიქნებით სარკისებრად ვუპასუხოთ და შევქმნათ ისეთივე საფრთხე იმ ტერიტორიის მიმართ, საიდანაც საფრთხეს გვიქმნიან ჩვენ. ეს ხომ ელემენტარულია. მათ რა, ეს არ ესმით? ყველაფერი კარგად გვქონდა, მაგრამ ახლა გარკვეული დაძაბულობა იქნება, ეს ცხადია, ამის გარეშე შეუძლებელია, ვიმეორებ – თუ ჩვენ საფრთხეს შეგვქიმნიან". – აღნიშნა პუტინმა. 

მას შემდეგ რაც საუბარი დაიწყო ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე, რუსეთი ბალტიის რეგიონში ბირთვული იარაღის განთავსებით იმუქრება. მუქარა ამის შესახებ უკვე რამდენჯერმე გააჟღერა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა.

კომენტარები