ქართული ოცნება

ვოლსკი დეპუტატებზე: მეგობრობა მუდმივია – საკითხებზე საუბარი კონფრონტაციას გამოიწვევდა

გიორგი ვოლსკი

ქართული ოცნების დეპუტატმა და პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ ივანიშვილის დეპუტატებზე - სოზარ სუბარზე, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილზე საუბრისას თქვა, რომ მეგობრობა მუდმივია, და ამ ასპექტში არაფერი შეიცვლება.

"დიდი მადლობელი ვარ ჩემი კოლეგების და მეგობრების. მეგობრობა მუდმივია. არ მგონია, ჩვენ ამ ასპექტში რამემ დაგვაცილოს ერთმანეთს, მაგრამ ამ საკითხს არც ისე უპოლემიკოდ ჩაუვლია. ჯერჯერობით, მე ამ საკითხზე სრული კომენტარი არ მაქვს, რა არის ისეთი. მე შემიძლია, თქვენთან ერთად გავაანალიზო, რამდენად ეფექტური იყო საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე და შემდეგ მოგიყვეთ, რა საკითხმა გამოიწვია ჩვენ შორის რაღაც აზრთა სხვადასხვაობა, ჯერჯერობით, ასე დავარქმევ". – თქვა ვოლსკიმ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის მიერ დეპუტატების წასვლის მიზეზზე დასმული შეკითხვის პასუხად ვოლსკიმ ისაუბრა გადაწყვეტილებებზე, რომლებიც, მისი აზრით, ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, თუმცა ევროკავშირის სტრუქტურების მიერაა მიღებული, მათ შორის, ევროპარლამენტის რეზოლუცია ქართული ოცნების დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ.

ვოლსკი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას კვლავ აქვს შესასრულებელი ვალდებულებები, რომელიც ევროკავშირთან ასოცირების გეგმაშია გაწერილი, ხოლო კონფრონტაციის იმ ხარისხმა, რომელსაც მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ ამ საკითხებზე საუბარი გამოიწვევდა, შესაძლოა, არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე.

"კონფრონტაციის ის ხარისხი, რომელიც, შეიძლება, ამ ყველაფერმა გამოიწვიოს, შეიძლება, ამან არ მოახდინოს პოზიტიური გავლენა იმ პროცესზე, საითაც 2012 წლიდან ასეთი ინტენსივობით მივისწრაფვით. უშველებელი მუშაობა დაგვჭირდა იმისთვის, რომ გარკვეული ადამიანების ჯგუფი ევრონიჰილიზმიდან მყარ ევროპულ პოზიციაზე დამდგარიყვნენ, ვინაიდან თუ ევროპა მხარს უჭერს სადიზმს, ის ევროპა ვიღაცას არ სჭირდება. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს ასე არ არის". – თქვა ვოლსკიმ.

28 ივნისს ქართული ოცნების უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა და დიმიტრი ხუნდაძემ პარტია და საპარლამენტო თანამდებობა დატოვეს. ისინი პარლამენტში დამოუკიდებელ დეპუტატებად დარჩებიან.

მამუკა მდინარაძის თქმით, დეპუტატებს მიაჩნიათ, რომ ე.წ. კულისებიდან პოლიტიკური ფაქტებისა და მოვლენების შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა ვრცელდებოდეს და ამის გახმოვანებისთვის მათ თავისუფალი საპარლამენტო მანდატი სჭირდებათ, რადგან გუნდის შიგნით, შესაძლოა, უხერხულობები შეექმნათ.

კომენტარები