რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ამერიკა უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის შესყიდვას გეგმავს

NASAMS

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემა NASAMS-ის შესყიდვას გეგმავს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად გერმანიაში G7-ის ლიდერებს ხვდება, აღნიშნა, რომ აშშ კიევს "უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებსა და საბრძოლო მასალას" მიაწვდის. გავრცელებული ინფორმაციით, NASAMS-ს 30 კილომეტრის მანძილზე და 21 კილომეტრის სიმაღლეზე შეუძლია სამიზნეების ჩამოგდება.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები