რუსეთი-ფინეთი

ფინეთი: ჰელსინკი მზად არის, შეებრძოლოს რუსეთს თავდასხმის შემთხვევაში

ფინეთის შეიარაღებული ძალები

ფინეთის შეიარაღებული ძალების უფროსმა გენერალმა, ტიმო კივინენმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა მზად არის რუსეთის თავდასხმისთვის და მას ძლიერ წინააღმდეგობას გაუწევს.

ფინეთი ინარჩუნებს სამხედრო მზადყოფნის მაღალ დონეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.

"ჩვენ სისტემატურად განვავითარეთ ჩვენი სამხედრო თავდაცვა სწორედ ამ ტიპის ომისთვის, რომელიც მიმდინარეობს იქ [უკრაინაში], ცეცხლსასროლი ძალების, ჯავშანტექნიკის და ასევე საჰაერო ძალების მასიური გამოყენებით.

უკრაინა რთული ასაღები აღმოჩნდა რუსეთისთვის და სწორედ ასეთი იქნებოდა ფინეთი". - თქვა ფინეთის შეიარაღებული ძალების უფროსმა.

ამასთან ერთად, ფინეთის მთავრობა კანონმდებლობის შეცვლას გეგმავს, რათა რუსეთთან აღმოსავლეთ საზღვარზე ბარიერების მშენებლობა შეძლოს. ფინეთმა ნატოს წევრობაზე განაცხადი უკვე გააკეთა. სკანდინავიური ქვეყანა რუსეთთან 1300 კილომეტრიან საზღვარს იზიარებს.

ფინეთის მთავრობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერებას ცდილობს. რუსეთმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს ფინეთზე საზღვრებთან თავშესაფრის მაძიებლების გაგზავნით.

ცვლილებები ფინეთს ბარიერების აშენების საშუალებას მისცემს, როგორიცაა ღობეები, ასევე ახალი გზები, რათა ფინეთს საზღვრის პატრულირება გაუადვილდეს. 

18 მაისს ფინეთისა და შვედეთის წარმომადგენლებმა NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს NATO-ში გაწევრიანების განაცხადები ოფიციალურად გადასცეს. ფინეთსა და შვედეთში NATO-ში გაწევრიანების შესახებ აქტიური საუბრები რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაიწყო.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ფინეთის საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი წინა მონაცემებთან შედარებით 19%-ით – 62%-მდე იყო გაზრდილი.

ამავდროულად, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების წინააღმდეგია ალიანსის წევრი თურქეთი. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ შვედეთისა და ფინეთის დელეგაციები მის გადასაბირებლად თურქეთში ჩასვლაზე არ უნდა შეწუხდნენ. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, წინააღმდეგობის მიზეზი ფინეთისა და შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის/სახალხო თავდაცვის შენაერთის (PKK/YPG) მხარდაჭერაა, რომელსაც თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

NATO-ში გაწევრიანებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა ქვეყანამ ალიანსის ყველა წევრისგან მიიღოს რატიფიცირება.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას შეცდომა უწოდა, თუმცა, მისი თქმით, მათ ხარჯზე NATO-ს გაფართოებით რუსეთს პირდაპირი საფრთხე არ ექმნება.

 

კომენტარები