რუსეთი-ფინეთი

რუსულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსულმა თვითმფრინავმა Ilyushin Il-96-300 ფინეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. ხომალდი ფინეთის ყურეში, ქალაქ პორვოოს თავზე გამოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ანტი კაიკონენმა ტელეკომპანია Yle-სთან საუბარში გაავრცელა.

"რუსულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე 8 აპრილს, დილის 6 საათზე დაარღვია და ჩვენს ტერიტორიაზე 3 წუთი იფრინა. ფინეთი საჰაერო სივრცის დარღვევას ყოველთვის სერიოზულად უყურებს და სასაზღვრო სამსახურმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო". - ამბობს ფინეთის თავდაცვის მინისტრი.

რუსულმა თვითმფრინავმა ფინეთის საჰაერო სივრცე ბოლოს 2020 წლის ივლისში დაარღვია.

აღსანიშნავია, რომ ფინეთის პარლამენტი უახლოეს დღეებში NATO-ში გაწევრიანების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ 6 აპრილს ისაუბრა.

აქამდე, 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებდა, რომ თუ ფინეთი და შვედეთი NATO-ს წევრები გახდებიან, "ამას სერიოზული სამხედრო და პოლიტიკური შედეგები მოჰყვება".

 

კომენტარები