ისრაელი

განცი: ისრაელი ირანზე თავდასხმის შესაძლებლობებს ამზადებს, თუ ეს საჭირო გახდება

ბენი განცი
The Times of Israel

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, იერუსალიმი ირანზე თავდასხმის შესაძლებლობებს ამზადებს, იმ შემთხვევისთვის, თუ მისი გამოყენება საჭირო გახდება.

ბენი განცის კომენტარი თეირანსა და იერუსალიმს შორის დაძაბულობის ბოლოდროინდელ ზრდას მოჰყვა. სიტუაცია ირანელი გენერლის მკვლელობის შემდეგ გაუარესდა, რაც ირანმა ისრაელს დააბრალა. ამას ასევე მოჰყვა ირანში სამეცნიერო და უსაფრთხოების თანამშრომლების სიკვდილებიც, რაშიც თეირანი ასევე იერუსალიმს ადანაშაულებს. პარალელურად, ისრაელმა სირიაში იერიშები მიიტანა ირანთან კავშირში მყოფ სამიზნეებზე. ირანის ლიდერების მხრიდან გახშირდა ხისტი რიტორიკა და აქტიურად ირღვევა ბირთვულ პროექტთან დაკავშირებული პირობებიც.

ამ დაძაბულობის გამო, ისრაელი საკუთარ მოქალაქეებს სთხოვს, რომ დატოვონ თურქეთი უახლოეს დღეებში, რადგან, გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მთავრობა აქ ისრაელის ზოგიერთი მოქალაქის მოკვლას გეგმავდა. თავდაპირველად დაუდასტურებელი ინფორმაცია დაგეგმილი მკვლელობების შესახებ, რომლებიც, სავარაუდოდ, ისრაელისა და თურქეთის სადაზვერვო სამსახურებმა ერთად აღკვეთეს, მედიაში გავრცელდა. 

"კავშირი გვაქვს თურქეთის შესაბამის მაღალჩინოსნებღან და, რა თქმა უნდა, ძირითადად ვამზადებთ თავდასხმის შესაძლებლობებს, თუ ეს საჭირო გახდება. ირანელებს ვურჩევ, არ გამოსცადონ ეს შესაძლებლობები". – თქვა ბენი განცმა.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები