რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთის არმიის მეთაური: ჩვენი ჯარები ევროპაში საბრძოლველად კვლავ უნდა მოემზადონ

დიდი ბრიტანეთის არმიის მეთაურმა, გენერალმა სერ პატრიკ სანდერსმა აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის დასამარცხებლად ბრიტანელი ჯარისკაცები "ევროპაში კვლავ საბრძოლველად უნდა მოემზადონ". 

”ახლა მწვავედ მნიშვნელოვანია, შეიქმნას არმია, რომელსაც რუსეთის დასამარცხებლად ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ბრძოლა შეუძლია. [...] ჩვენ ვართ თაობა, რომელმაც უნდა მოამზადოს არმია ევროპაში კიდევ ერთხელ საბრძოლველად". - აღნიშნა გენერალმა სანდერსმა ჯართან მიმართვისას. 

მან დამატებით აღნიშნა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა ხაზს უსვამს ქვეყნის მთავარ მიზანს, დაცული იქნას დიდი ბრიტანეთი, რისთვისაც, გენერალი სანდერსის თქმით, ბრიტანეთი ბრძოლისთვისაც მზადაა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები