რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შოლცი: გერმანული იარაღი დონბასის ბრძოლისთვის უკრაინაში დროულად ჩავა

Michael Kappeler/picture alliance/Getty Images

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა პირობა დადო, რომ გერმანული იარაღი, რომელიც უკრაინამ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად მოითხოვა, ქვეყანაში დროულად ჩავა. ამასთან დაკავშირებით კანცლერმა გამოცემა dpa-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"თქვენ იცით, რომ მომხმარებელთა გრძელი სია გვაქვს, რომლებიც 2-3 წლის განმავლობაში ელოდებიან იარაღის მიღებას". - თქვა შოლცმა.

ამასთან, გერმანიის კაცლერმა განმარტა, რომ მძიმე იარაღს უკრაინას მიაწოდებენ მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებული ძალები შესაბამის სამხედრო წვრთნებს გაივლის, რადგან, მისივე თქმით, წვრთნის გარეშე ამ იარაღს "ვერ გამოიყენებენ".

"ჩვენ უკრაინას ანტიბალისტიკურ სისტემას მივაწოდებთ, რომელსაც ოდესის ან კიევის გადარჩენა შეუძლია. ასევე, დიდ ბრიტანეთთან და შეერთებულ შტატებთან ერთად ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდება გადავწყვიტეთ". - თქვა ოლაფ შოლცმა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები