Meta

მედია: TikTok-თან კონკურენციის გამო, Facebook-ი დიზაინსა და სარეკომენდაციო ალგორითმს ცვლის

ფოტო: BBC.COM

სოციალური მედიის ინდუსტრიის ექსპერტმა, მეტ ნავარამ Twitter-ზე გაჟონილი ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ფეისბუქის დიზაინი და სარეკომენდაციო ალგორითმი მკვეთრად შეიცვლება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, Facebook-ის თანამშრომლებმა ახალი დავალების ფარგლებში პლათფორმა TikTok-ის მსგავსი უნდა გახადონ.

The Verge-ს მიერ მოპოვებული მემორანდუმის მიხედვით, Meta-ს აღმასრულებელმა და Facebook-ის პასუხისმგებელმა, ტომ ალისონმა ჩამოაყალიბა გეგმა: იმის ნაცვლად, რომ პრიორიტეტი მიენიჭოს პოსტებს იმ ანგარიშებიდან, რომლებსაც ადამიანები იწერენ, Facebook-ის მთავარი წყარო, TikTok-ის მსგავსად, დაიწყებს პოსტების ყოვლისმომცველ რეკომენდაციას. ამასთან ერთად, მესენჯერი დაბრუნდება ძირითად აპლიკაციაში, როგორც ეს TikTok-შია.

Bloomberg-ის ცნობით, 2021 წლის მარტში კომპანიის ერთ-ერთი აღმასრულებელი ხელმძღვანელის, კრის კოქსის ბრძანებით კვლევითმა ჯგუფმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომლის მიხედვით, თინეიჯერების მიერ Facebook-ში დახარჯული დრო წლიურად 16%-ით შემცირდა, ხოლო ახალგაზრდა მომხმარებლები სოციალურ ქსელში 5%-ით ნაკლებ დროს ატარებენ. 

კვლევის ძირითადი მიგნებები: 

  • ახალგაზრდები შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ Facebook-ში;
  • შემცირებულია თინეიჯერების Facebook-ზე რეგისტრაციის მაჩვენებელი;
  • ახალგაზრდა მომხმარებლები შედარებით იშვიათად პოსტავენ და აზიარებენ სიახლეებს, ვიდრე 30 წელს გადაცილებული პირები. 

Facebook-ის ანალიტიკოსებს კარგად ესმით, რომ ორგანზომილებიანმა (2D) სოციალურმა პლატფორმებმა, რომელთაც სმარტფონებითა და კომპიუტერებით ვიყენებთ, შესაძლებლობების მაქსიმუმს მიაღწიეს. ამაზე ის სტატისტიკაც მეტყველებს, რომ ახალგაზრდებში Facebook-ის პოპულარობა იკლებს და მომხმარებლები კონკურენტი კომპანიების სოციალურ პლატფორმებს ირჩევენ, მაგალითად, TikTok-ს. 

Facebook-ი ვერ დაუშვებს, რომ ტექნოლოგიურ პროგრესს ჩამორჩეს და მომდევნო ათწლეულიც იმ იმედით გაატაროს, რომ მათ აწ უკვე მოძველებულ სოციალურ ქსელებს სხვა კომპანიების ინოვაციური პროდუქტები ვერ ჩაანაცვლებენ. 

კომპანიის დამფუძნებლის, მარკ ზაკერბერგის აზრით, ინტერნეტის მომავალი სამგანზომილებიანია (3D), კომპანიის ძირითადი მიმართულება კი მეტავერსის, ანუ 3D ვირტუალური სამყაროს შექმნა უნდა იყოს.

კომენტარები