"დროა დავუბრუნდეთ ფესვებს თავისუფალი გამოხატვის კუთხით Facebook-სა და Intagram-ზე" - ამბობს ვიდეომიმართვაში მარკ ზაკერბერგი, სადაც განაცხადა, რომ მისი დაფუძნებული კომპანია META ე.წ. ფაქტჩეკინგის [ფაქტების გადამოწმების] პროგრამას წყვეტს და მას საზოგადოების შენიშვნების [Community Notes] სისტემით ანაცვლებს - ისეთივე სისტემით, როგორიც პლატფორმა X-ზეა.
აღნიშნული ცვლილებები თავდაპირველად, მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე გავრცელდება.
"სოციალური მედიის მშენებლობა იმისთვის დავიწყე, რომ ადამიანებისთვის გამოხატვის საშუალება მიმეცა. 5 წლის წინ ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში მქონდა მოხსენება თავისუფალი გამოხატვის დაცვის მნიშვნელობის შესახებ და ამის დღესაც მჯერა. თუმცა უკანასკნელი წლების განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. არის ფართო დისკუსია ონლაინ სივრცეში განთავსებული კონტენტის პოტენციურ საფრთხეებზე. მთავრობებმა და ტრადიციულმა მედიამ სულ უფრო და უფრო გადადგეს ნაბიჯები ცეზურისკენ. ცხადია, უმეტესობას აქედან პოლიტიკური მიზეზები განაპირობეს. თუმცა, არსებობს ლეგიტიმურად ცუდი რაღაცებიც - ნარკოტიკები, ტერორიზმი, ბავშვების ექსპლუატაცია - ეს არის ის, რასაც ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და მსურს ვიცოდე, რომ პასუხისმგებლობით ვუმკვლავდებით. ამისთვის უფრო კომპლექსური სისტემა ავაშენეთ, თუმცა კომპლექსური სისტემების პრობლემაა, რომ ისინი შეცდომებს უშვებენ. თუნდაც, შემთხვევით პოსტების 1% დაცენზურება - მილიონობით ადამიანია და ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა და ცენზურაა. " - ამბობს ზაკერბერგი.
მან ვიდეომიმართვაში 2024 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა და თქვა, რომ "უკანასკნელი არჩევნები კულტურული შემოტრიალების მომენტს ჰგავს კიდევ ერთხელ, გამოხატვისთვის პრიორიტეტის მინიჭებისკენ". ზაკერბერგი ამბობს, რომ META "ფესვებს დაუბრუნდება", რაც გულისხმობს შეცდომების შემცირებას, პლატფორმებზე დაწესებული წესების გამარტივებასა და თავისუფალი გამოხატვის აღდგენას.
"მას შემდეგ, რაც ტრამპი პირველად აირჩიეს 2016 წელს, ტრადიციული მედია გაუჩერებლად წერდა, როგორი საფრთხე იყო მცდარი ინფორმაციის გავრცელება დემოკრატიისთვის. ჩვენ ვეცადეთ გვეპასუხა ამ წუხილებისთვის ისე, რომ სიმართლის მსაჯულები არ გავმხდარიყავით. თუმცა, ფაქტჩეკერები პოლიტიკურად მიკერძოებულები გახდნენ და ნდობა უფრო მეტად გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით კი აშშ-ში." - განაცხადა ზაკერბერგმა.
META-ს დამფუძნებელმა ასევე განაცხადა, რომ პლატფორმებზე - Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე სამოქალაქო და პოლიტიკური ხასიათის პოსტებს კვლავ წინ წამოწევენ.
"დროის განმავლობაში, მომხმარებლები ითხოვდნენ, რომ ენახათ ნაკლები პოლიტიკური მასალა, რადგან ეს მათში სტრესს იწვევდა, ამიტომ ჩვენ შევამცირეთ მსგავსი ხასიათის პოსტების რეკომენდაცია მათთვის. თუმცა, ახლა თითქოს ახალ ეპოქაში ვართ და ვიღებთ უკუკავშირს, რომ ადამიანებს კვლავ სურთ მსგავსი პოსტების ნახვა." - ასე ახსნა გადაწყვეტილება ზაკერბერგმა.