რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: გერმანიის მთავრობისგან გვჭირდება მკაფიო პოზიცია, რომ ისინი მხარს უკრაინას უჭერენ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს უკრაინის მიმართ მკაფიო პოზიციისა და მხარდაჭერის გამოხატვისკენ მოუწოდა

13 ივნისს გერმანულ ტელეარხთან ინტერვიუში ზელენსკიმ თქვა, რომ გერმანიამ უკრაინასა და რუსეთს შორის ურთიერთობისას საკუთარი ინტერესების დაბალანსება არ უნდა სცადოს. 

"ჩვენ კანცლერ შოლცისგან გვჭირდება სიცხადე იმაზე, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს. მან და გერმანიის მთავრობამ უნდა გადაწყვიტონ - შეუძლებელია უკრაიანასთან სავაჭრო ურთერთობის შენარჩუნება და პარალელურად, კავშირები რუსეთთან". - თქვა ზელენსკიმ. 

14 ივნისს გავრცელებული ინფორმაციით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. უკრაინა გერმანიისგან ასევე არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც მიიღებს

თუმცა, ომის დაწყებიდან, გერმანია მოკავშირეების მხრიდან უკრაინისთვის მძიმე იარაღის, მათ შორის ტანკების, საარტილერიო და საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისგან თავის შეკავების გამო ზეწოლას განიცდის.

კრიტიკისგან თავის დაცვის მიზნით, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა თქვა, რომ ბერლინი უკრაინას იარაღს "სხვა ქვეყნებზე ინტენსიურად აწვდის".

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები