რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

შოლცი: გერმანია უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს

Michael Kappeler/picture alliance/Getty Images

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, ბერლინი უკრაინას ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს გადასცემს. უკრაინა გერმანიისგან ასევე არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც მიიღებს

"აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებით იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში, ჩვენ მხარდაჭერას მნიშვნელოვნად გავზრდით: გერმანია უკრაინას უახლეს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებსა და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით". - თქვა შოლცმა. 

ოლაფ შოლცი ასევე ამბობს, რომ ბერლინი, მოკავშირეებთან ერთად, NATO-ს ტერიტორიის "თითოეულ კვადრატულ მეტრს" დაიცავს. 

აქამდე, გერმანიამ უკრაინას 15 მილიონზე მეტი ტყვია საბრძოლო მასალა, 100 000 ხელყუმბარა და 5 000-ზე მეტი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი გადასცა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთი უკრაინაში ომის მეორე ფაზის მიზნებს ასახელებს

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები