რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში სამი სოფელი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

უკრაინელმა სამხედროებმა დონბასში 3 სოფელი გაათავისუფლეს და წინ 15 კმ-ით წაიწიეს. ინფორმაციას გაერთიანებული ძალების დაჯგუფება FACEBOOK-ზე ავრცელებს. 

"ფრონტზე მტრის არტილერია ერთი წუთითაც არ ჩერდება. მაგრამ მტრის რიცხობრივი უპირატესობა არ ნიშნავს, რომ რაშისტები დაუსჯელნი დარჩებიან. თითოეული ჩვენი პასუხი მნიშვნელოვან ზარალს აყენებს დამპყრობლებს დონბასში გარკვეული მიმართულებებით. უკრაინის შეიარაღებული ძალები არა მხოლოდ იცავენ თავს, არამედ თანდათან წინ მიიწევენ. ასე რომ, ახლახან ჩვენმა ჯარისკაცებმა გაათავისუფლეს დონეცკის რეგიონის სამი სოფელი და ფრონტის ნაწილი 15 კმ-ით გადაიტანეს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა დედაქალაქ კიევზე კონტროლი ვერ მოიპოვა, კრემლი აცხადებს, რომ იგი ახლა დონბასის სრულ განთავისუფლებას ცდილობს. 24 თებერვლის შეჭრამდე,  პრორუსი სეპარატისტები დონბასის 1/3-ს აკონტროლებდნენ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები