რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრიტანეთი უკრაინას 80 კილომეტრის რადიუსის მქონე ზალპურ ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს

გაერთიანებული სამეფოს მფლობელობაში მყოფი ამერიკული M270-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა 

გაერთიანებული სამეფო უკრაინას M270-ის 80 კილომეტრის რადიუსის მქონე ზალპურ ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს გადასცემს. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა ისაუბრა. 

"გაერთიანებული სამეფო უკრაინის გვერდით დგას და წამყვანი როლი აქვს უკრაინის გმირი ჯარისკაცების თავის დასაცავად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იარაღითთ მომარაგებაში. რუსეთის საომარი ტაქტიკის ცვლილებასთან ერთად, ჩვენი დახმარებაც უნდა შეცვალოს. ეს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საშუალებას მისცემს უკეთ დაიცვან საკუთარი თავი რუსეთის შორსმსროლელი არტილერიისგან, რასაც პუტინის ძალები განურჩევლად იყენებენ ქალაქების მიწასთან გასასწორებლად". – თქვა უოლესმა. 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები