რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საფრანგეთი მზადაა, რომ მონაწილეობა მიიღოს ოდესის პორტის განბლოკვის ოპერაციაში

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მრჩევლის ინფორმაციით, საფრანგეთი მზად არის, რომ მონაწილეობა მიიღოს ოპერაციაში, რომლის მიზანი ოდესის პორტთან უსაფრთხო წვდომის მიღწევაა.

ოდესის პორტი ბლოკირებულია რუსეთის სამხედრო ძალების მიერ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტს აფერხებს და ხელს უწყობს საკვების მსოფლიო კრიზისს. 

"ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ ოპერაციაში, რომლის მიზანი ოდესის პორტის უსაფრთხოდ გამოყენება იქნება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დანაღმული წყლის მიუხედავად, გემებმა უსაფრთხოდ გავლა, რომ შეძლონ.

[...] საფრანგეთს უკრაინის გამარჯვება სურს". - თქვა პრეზიდენტის მრჩეველმა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები