სალომე ზურაბიშვილი

ღარიბაშვილი: პრეზიდენტის ვოიაჟს რაც შეეხება, ყველა ოფიციალურ მომართვას ხელი მოვაწერე

მე მინდა, ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა. მეორე, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით. მე მინდა, შევახსენო ყველას, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს, რომ ყველამ და, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ, უმაღლესი თანამდებობის პირებმა, უნდა დავიცვათ და მაგალითი მივცეთ კანონის ზედმიწევნით შესრულების, ასევე, კონსტიტუციის დაცვის და ზოგადად წესების და ნორმების დაცვის. 

რაც შეეხება ქალბატონი პრეზიდენტის მიერ ნახსენებ ვოიაჟს, მე მინდა, შემდეგი რაღაც განვუმარტო მოქალაქეებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ყველა ოფიციალური მომართვა, რაც მივიღეთ პრეზიდენტისგან, მე ყველაფერზე ხელი მოვაწერე და ყველა მოთხოვნა, ყველა მისი თხოვნა და მომართვა დავაკმაყოფილე. გახსოვთ, რომ ქალბატონი პრეზიდენტი იმყოფებოდა გერმანიაში, საფრანგეთში, ახლა იტალიაში იყო და საკვირველია ფაქტი, რომ თავად ეს განცხადება ქალბატონმა სალომემ გააკეთა ბრიუსელიდან, მაშინ ყველას ვუსვამ კითხვას, რომ თუ მთავრობა ბლოკავს პრეზიდენტს, როგორც ითქვა და არ უშვებს არსად, ევროპის დედაქალაქში, ბრიუსელში როგორ აღმოჩნდა? რაც შეეხება სხვა ქვეყნებში ვიზიტს, მე მინდა, ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო სრული პასუხისმგებლობით, დღეის მდგომარეობით არავითარი სხვა მომართვა სხვა ქვეყნებში ვიზიტთან დაკავშირებით არ შემოსულა. მე, რა თქმა უნდა, ვხელმძღვანელობ წესების და კანონების მიხედვით. მე გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ესე იგი, რას მეუბნებით, მე ვიტყუები? მე ვატყუებ ხალხს?

ამბობს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტზე, სალომე ზურაბიშვილზე. ზურაბიშვილმა გუშინ, 10 ივნისს თქვა, რომ მთავრობამ კიდევ ერთხელ უთხრა უარი საფრანგეთში, პოლონეთსა და უკრაინაში ჩასვლაზე. 

კომენტარები