ევროკავშირი-საქართველო

ხოშტარია: პარტნიორებთან ვაპირებთ ივანიშვილის ოლიგარქიული პირამიდის საყრდენების მხილებას

კადრი ვიდეოდან / ფორმულა

დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, პარტია აპირებს ქვეყანაში ოლიგარქიული პირამიდის დანგრევის მიზნით, პირამიდის საყრდენი პიროვნებების შესახებ დასავლელი პარტნიორებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. 

"ჩვენი ამოცანა დღეს არის, დავანგრიოთ ის ოლიგარქიული პირამიდა, ოლიგარქიული ქსელი, რომელზეც დგას ეს ოლიგარქიული მმართველობა. ამიტომ, საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ ვაპირებთ ჩვენს პარტნიორებთან ვიმუშაოთ და ვამხილოთ ის საყრდენი ოლიგარქიული პირამიდის, რომლის მეშვეობითაც ბიძინა ივანიშვილი ახერხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაზიანებას". – თქვა ხოშტარიამ.

ხოშტარიამ ასევე ჩამოთვალა იმ ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებიც ივანიშვილის ოლიგარქიული მმართველობის საყრდენები არიან და რომლებიც რუსულ კავშირებს იყენებენ.

"პირველი, ეს არის დავით ხიდაშელი - ადამიანი, რომელიც ბოლო დროს სარგებლობს ძალიან დიდი პოლიტიკური შეღავათებით და ეკონომიკური შეღავათებით საქართველოში და რომელიც მონაწილეობდა არაერთ რუსულ სპეცოპერაციაში, არის პირდაპირ დაახლოებული კრემლთან, ევტუშენკოსთან. უჩა მამაცაშვილი - გარდა იმისა, რომ ის არის ჩრდილოვანი მმართველი ეკონომიკის, ეკონტროლებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ის ბიძინა ივანიშვილთან ერთად არის სანქცირებული პოლტავჩენკოს ბიზნეს პარტნიორი. ვანო ჩხარტიშვილი - ის მონაწილეობს არაერთ კორუფციულ გარიგებაში, მათ შორის თამბაქოს სფეროში და ის არის ღიად ფოთში რუსული სახელმწიფო კომპანიის, როსნეფტის პარტნიორი, 49%-ს მის კომპანიაში ფლობს როსნეფტი. ოთარ ფარცხალაძე - პრაქტიკულად მაფიოზად ჩამოყალიბებული "ბიზნესმენი", რომელიც, გარდა იმისა, რომ მონაწილეობს კორუფციულ სქემებში, აკონტროლებს პროკურატურას და ფინანსურ პოლიციას. ირაკლი რუხაძე - გარდა იმისა, რომ აკონტროლებს საბანკო სფეროს და ხელისუფლების პროპაგანდისტულ მედიას, კერძოდ: იმედს, GDS-ს და მაესტროს, ის ღიად ეწინააღმდეგება სანქციების რეალიზებას, მათ შორის საბანკო სექტორში და ისიც არის ჰიბრიდული ოლიგარქიული მმართველობის ერთ-ერთი საყრდენი. ჩვენ ამ ადამიანებს შევაგროვებთ ინფორმაციას და გადავცემთ ჩვენ პარტნიორებს, რათა ერთად დავანგრიოთ ოლიგარქიული პირამიდა საქართველოში". – თქვა ელენე ხოშტარიამ.

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

 რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუციებს მოუწოდებს იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დამსახურებისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

რეზოლუცია ასევე  ბიძინა ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას უჭერს მხარს. 

კომენტარები