ოპოზიციის ალიანსმა ევროკავშირისგან წერილი მიიღო, რომელის მიხედვითაც საქართველო ევროკავშირის დღის წესრიგში "კვლავ ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება" და მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, "შეცვალოს მოქმედების კურსი."
"საქართველო კვლავ ჩვენი დღის წესრიგის ერთ-ერთ მთავარ საკითხად რჩება. 21 აპრილის საგარეო საქმეთა საბჭომ შეაფასა საქართველოში არსებული მდგომარეობის გაუარესება და იმსჯელა ევროკავშირის ზეწოლაზე მიმდინარე დემოკრატიული უკუსვლის საპასუხოდ. უმაღლესმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გაუმჯობესების ნიშნები არ შეინიშნება და მინისტრებს ჰქონდათ მკაფიო გზავნილი, რომ საქართველოს მთავრობამ უნდა შეცვალოს მოქმედების კურსი. ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება საქართველოსთან ურთიერთობისა და აქტიურად არის ჩართული ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მხარდაჭერაში. ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით ურყევია და ჩვენ კვლავ ვურჩევთ ყველა მხარეს, იმუშაონ საქართველოსთვის სტაბილური და აყვავებული მომავლისთვის.
ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს და იმსჯელა მათზე. ევროკავშირის პოლიტიკა და მოქმედებები ექვემდებარება მის ფუნდამენტურ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებიც მოიცავს კანონის უზენაესობის, დემოკრატიული მექანიზმებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემას. საქართველოსთან ურთიერთობისას, ევროკავშირი მუდმივად უსვამს ხაზს ამ პრინციპების მნიშვნელობას. ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან ექვემდებარება რეგულარულ გადახედვასა და შეფასებას, ხოლო გადაწყვეტილებები მიიღება ვითარების საფუძვლიანი ანალიზის საფუძველზე. ევროკავშირის მიზანია ქართველი ხალხის კეთილდღეობისა და პროგრესს და ის გააგრძელებს ქვეყანასთან ურთიერთობას მისი ღირებულებებისა და პრინციპების შესაბამისად.
ევროკავშირის კარი ღია რჩება საქართველოსთვის და ევროკავშირი კვლავ ერთგულია ხალხთა შორის კონტაქტების მხარდაჭერის, მათ შორის მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ახალგაზრდების დახმარების გზით. ამავდროულად, ევროკავშირი აქტიურად ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისა და მაღალჩინოსნების მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციულ ნარატივებს და კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ურყევ მხარდაჭერას ქართველი ხალხის მიმართ.
ევროკავშირი მზადაა მხარი დაუჭიროს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებსა და ქვეყნის გაწევრიანების გზას, თუ საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტს შეცვალოს ამჟამინდელი მოქმედების კურსი," - წერს ევროკავშირი.




