საქართველო-ევროკავშირი

ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევებზე რეზოლუცია მიიღო

EU

ევროპარლამენტმა პლენარულ სხდომაზე კენჭი უყარა და მიიღო რეზოლუცია საქართველოში მედიის თავისუფლების დარღვევების და ჟურნალისტების უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ.

რეზოლუციის შეთანხმებულ ტექსტში კრიტიკულადაა განხილული 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის შემთხვევები, როდესაც ადგილი ჰქონდა ჟურნალისტებზე მასობრივ ძალადობას. შეთანხმებულ ტექსტში საუბარია მთავარი არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებასა და ტვ პირველისა და ფორმულას მფლობელების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე. ნახსენებია პარტია ლელოს დამფუნძებლის, მამუკა ხაზარაძის საწინააღმდეგოდ გამოტანილი განაჩენიც.

ნახსენებია საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაც და ნათქვამია, რომ მას ჰუმანიტარულ საფუძველზე საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა უნდა მიეცეს.

ამას გარდა, ტექსტში საუბარია სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე და დადებითად არის შეფასებული მისი როლი მედიის თავისუფლების დაცვაში, "მთავრობის პერიოდული თავდასხმების მიუხედავად". 

ასევე, რეზოლუცია ევროკავშირის ინსტიტუციებს მოუწოდებს იმუშაონ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დამსახურებისა და საქართველოს მთავრობის მხრიდან ყველა კრიტერიუმის შესრულების საფუძველზე.

"[რეზოლუცია] გამოხატავს რწმენას, რომ ქართველი ხალხის ლეგიტიმური მისწრაფებები იმსახურებს შესრულებას და, შესაბამისად, მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუციებს იმუშავონ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, ევროკავშირის ხელშეკრულების 49-ე მუხლის შესაბამისად, დამსახურების საფუძველზე და იმ პირობით, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველა კრიტერიუმს შეასრულებს". – წერია რეზოლუციაში.

კომენტარები