უკრაინა-ევროკავშირი

ევროპარლამენტმა უკრაინისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გასცა

Frederick Florin / AFP

ევროპარლამენტის რეზოლუციით, ევროკავშირმა უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, 438 მომხრეთი და 68 წინააღმდეგით, მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც მიიღეს ევროპარლამენტარებმა დღეს, 8 ივნისს პლენალურ სხდომაზე მიიღეს. 

მანამდე, ევროპარლამენტი ევროკავშირს მხოლოდ უკრაინის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მუშაობას სთხოვდა. აღსანიშნავია, რომ ახალ რეზოლუციაში საქართველო და მოლდოვაცაა ნახსენები და ხაზგასმულია, მათი "ევროპული მისწრაფებები".

8 აპრილს, კიევში ვიზიტის დროს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ფონ დერ ლეიენმა, ზელენსკის კითხვარი გადასცა, რომლის შევსებაც უკრაინის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის აუცილებელი ნაბიჯია.

ქვეყანამ კითხვარის პირველი ნაწილი 17 აპრილს დაასრულა, ხოლო მეორე ნაწილის - 9 მაისს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას ივნისში ელოდება.

საქართველომ ევროკავშირის წარმომადგენლობას კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარის ორივე ნაწილი უკვე გადასცა. კითხვარი ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს გადასცა მოლდოვამაც.

შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

კომენტარები