ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმე

ფსიქოტროპულებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე დააკავეს

ირაკლი მხეიძე 

ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეზე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე, ირაკლი მხეიძე დააკავეს. სასამართლო პროცესი გუშინ გვიან ღამით გაიმართა და ამ საქმეზე დაკავებულ ყველა პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

როგორც მედიასთან სხდომის შემდეგ ადვოკატმა განაცხადა, საქმე იმ პერიოდს ეხება, როდესაც მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოსტს იკავებდა. მისივე თქმით, იგი ამ თანამდებობაზე 7 თვე იყო, ხოლო "ეს გამოძიება 3 წელია მიმდინარეობს".

მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც, მისი განცხადებით, მხეიძე დანაშაულებრივი ჯგუფის საქმიანობიდან გამომდინარე "მათ ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო რეალიზაციაში" და სამართალდარღვევებზე შესაბამისად არ რეაგირებდა.

"ირაკლი მხეიძეს ბრალდება წარედგინა 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, პირადი გამორჩენის მიზნით და საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ." - თქვა გრიგოლ ნიშნიანიძემ. 

ჟურნალისტის კითხვაზე, დაეკისრება თუ არა პასუხისმგებლობა მხეიძის ზემდგომს, ანუ ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს, პროკურორმა უპასუხა, რომ საქმეზე ასეულობით პირია გამოკითხული და გამოძიება გრძელდება.

"ყველა პირი, ვისაც შესაძლებელია რომ შეხება ჰქონდეს ზემოაღნიშნულ დასახელებულ შესაძლი დანაშაულებრივ ქმედებებთან, რა თქმა უნდა, იქნებიან გამოკითხულები და გამოკითხული პირების მიმართაც თუ კი რაიმე მტკიცებულება იქნება, თუკი გამოიკვეთება მათი მხრიდან დანაშაულის ნიშნები პროკურატურა, რა თქმა უნდა, მიიღებს დაუყოვნებლივ, შესაბამის გადაწყვეტილებას." - განაცხადა პროკურორმა. 

ამავე საქმეზე ბრალი წარედგინა ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრ მიხეილ ჩოხელს. პროკურორის თქმით, მის მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა, "არა მარტო ჯგუფურად ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე, არამედ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტთან დაკავშირებითაც დამამძიმებელ გარემოებაში."


24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განაცხადა, რომ  გახსნეს საქმე, რომელიც შეეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოპოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და უკანონო სამეწარმეო საქმიანობას.

კომენტარები