უკრაინა-ევროკავშირი

ზელენსკი ბრიუსელში უკრაინის უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას გააფორმებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს ევროპული საბჭოს სხდომაში და უსაფრთხოების შესახებ სამ შეთანხმებას მოაწერს ხელს, მათგან ერთ-ერთს ევროკავშირთან.

როგორც ზელენსკი X-ზე წერს, ის ბრიუსელში ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ლიდერებს შეხვდება და მათთან ორმხრივ მოლაპარაკებებს გამართავს სამ უსაფრთხოების შეთანხმებაზე, რომელთაგან ერთ-ერთი ევროკავშირთან გაფორმდება.

"პირველად, ეს შეთანხმება განამტკიცებს 27-ვე წევრი ქვეყნის ვალდებულებას, განაგრძოს უკრაინის მხარდაჭერა, ნებისმიერი შიდა ინსტიტუციური ცვლილების მიუხედავად. ყველა ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ გვაახლოებს მშვიდობისა და კეთილდღეობის ისტორიულ მიზანთან, ჩვენს საერთო ევროპულ სახლში". - წერს ზელენსკი.

ევროკავშირთან წევრობის შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყების ფონზე, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ის აპირებს ევროპელ ლიდერებს ერთიანობისთვის და უკრაინის ევროპული კურსის შეუქცევადობის დადასტურებისთვის მადლობა გადაუხადოს.

კომენტარები