რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ოკუპანტებმა გააცნობიერეს, რომ აქ პერსპექტივა არ აქვთ – ჩვენ თავისუფალი ხალხი ვართ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი
REUTERS/File Photo

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში ამბობს, რომ თებერვალში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინაში 31 000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა.

ზელენსკის სიტყვებით, ომი რუსეთის შეიარაღებულ ძალებს "დღეში 300 სიცოცხლე უჯდებათ" და მალე მიაღწევენ იმ ნიშნულს, რომელიც მოსკოვისთვის მიუღებელი იქნება.  

ზელენსკი ამბობს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრონტებზე სიტუაცია მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. 

"დონბასის აბსოლუტურად გმირული დაცვა გრძელდება. ცხელი წერტილები იგივე რჩება - პირველ რიგში, სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და პოპასნაია. ოკუპანტებს არ სჯეროდათ, რომ ჩვენი არმიის გამძლეობა ასეთი მყარი იქნებოდა. ახლა ისინი ცდილობენ, რომ ახალი რესურსები მიიღონ დონბასიდან. იგივე ხდება ხერსონშიც - მათ ახალი დანაყოფები მოჰყავთ, რათა ჩვენი ქმედებები ჩაახშონ.  

31 000 რუს ჯარისკაცზე მეტი დაიღუპა უკრაინაში. უკრაინის წინააღმდეგ აბსოლუტურად უაზრო ომის საფასურს რუსეთი დღეში თითქმის 300 სიცოცხლით იხდის. მოვა დღე, როდესაც დაღუპულთა რიცხვი მიაღწევს რუსეთისთვის მიუღებელ ნიშნულს. ოკუპანტების კონტინგენტის უდიდესმა ნაწილმა შესანიშნავად გააცნობიერა, რომ მათ უკრაინაში არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. [...] ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ, არა თქვენი მონები". - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვაში.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები