ევროკავშირი-საქართველო

ევროპარლამენტარები: შესაძლოა ქართველებს მოუწიოთ, აირჩიონ ივანიშვილი, ან ევროპული მომავალი

ევროპარლამენტარებმა ანდრიუს კუბილიუსმა და რასა იუკნევიჩიენემ ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართეს. ევროპარლამენტარები საუბრობენ საქართველოს განაცხადზე, მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. 

წერილს გთავაზობთ უცვლელად: 

"ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროსაბჭოში.

ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ ქართველ პოლიტიკურ ძალებსა და ხალხს, ნაკლებად ოპტიმისტური შედეგის შემთხვევაში, იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ და ნაცვლად ამისა, გასწიონ ერთობლივი ძალისხმევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

დიდი ხნის განმავლობაში, საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მოწინავე რიგებს იკავებდა. რამდენიმე წლის წინ აკადემიურმა ანალიზებმა აჩვენა, რომ საქართველო იყო ყველაზე მომზადებული ქვეყანა, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების, არამედ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაშიც კი. თუმცა, დღეს ევროკავშირში და ევროპარლამენტში ჭარბობს წარმოდგენა, რომ საქართველოში ვითარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გაუარესდა. მიუხედავად მრავალი გაფრთხილებისა, ამჟამინდელმა მთავრობამ სათანადო სამუშაო არ გასწია იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის წინა პლანზე ყოფილიყო. ამან ასევე გაართულა ევროკავშირსა და აშშ-ში საქართველოს მეგობრების მუშაობა.

შედეგად, გარე თვალისგან დანახული სურათი საკმაოდ ბნელია. ოლიგარქიზაცია და, შესაბამისად, პოლარიზაცია საქართველოში რჩება მაღალი და კონცენტრირებულია ერთი ადამიანის ხელში, რომელიც დემოკრატიული არჩევნებით ხალხის წინაშე ანგარიშვალდებული არ არის. მაგალითად, მოლდოვას ჰქონდა მსგავსი პრობლემები პლახოტნიუკთან და დოდონთან დაკავშირებით, მაგრამ მან შეძლო მათი მოგვარება დემოკრატიული არჩევნების გზით.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ციხეშია. ყველას გახსოვთ, როგორ იმოქმედა უკრაინის ევროკავშირთან დაახლოებაზე ყოფილი პრემიერმინისტრის, იულია ტიმოშენკოს დაპატიმრებამ და აქედან ყველას შეუძლია დასკვნების გამოტანა. სამწუხაროდ, ევროკავშირის უმაღლესი დონის უპრეცედენტო მცდელობის მიუხედავად, ხელი შეეწყო საქართველოში პოლიტიკური ჩიხური ვითარების მოგვარებისთვის და დაეწინაურებინა პროევროპული დღის წესრიგი, შარლ მიშელის შეთანხმება ამ დრომდე არ განხორციელებულა. უფრო მეტიც, სწორედ მაშინ, როცა კომისიამ დაიწყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის შესახებ რეკომენდაციის შემუშავება, სასჯელი გამოიტანეს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის მფლობელის წინააღმდეგ, რამაც კიდევ ერთი ბნელი ლაქა შესძინა საქართველოს სურათს.

გარდა ამისა, ძნელად გასაგებია საქართველოს მმართველი პარტიის პოზიცია უკრაინისა და ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიმართ. უკრაინელები იცავენ არა მხოლოდ საკუთარ ტერიტორიასა და სახლებს, არამედ დემოკრატიას, თავისუფლებასა და ევროპულ ღირებულებებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. უკრაინა იმსახურებს თითოეული ჩვენგანის ურყევ მხარდაჭერას და უბრალოდ იმის გაგებას, რომ უკრაინა ასევე ხსნის კარებს მოლდოვისა და საქართველოს კანდიდატის სტატუსისკენ. ვიცით, რომ ქართველი ხალხიც ასე ფიქრობს.

ხანდახან არ შეიძლება, არ ვიფიქროთ, რომ საქართველოში მმართველ წრეში ვიღაც აქტიურად აკეთებს ყველაფერს, რომ შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. თუ ისინი წარმატებას მიაღწევენ, ეს იქნება საშინელი დანაკარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის და დიდი გამარჯვება პუტინის რეჟიმისთვის.

ევროკომისია ყოველთვის ითვალისწინებს მთლიან სურათს განმცხადებელი ქვეყნის მზადყოფნის შეფასებისას. დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამართლებრივი და ეკონომიკური შესაბამისობა ევროკავშირის კანონმდებლობასთან. ევროკავშირში გაწევრიანების პოლიტიკური კრიტერიუმები ძალიან ყურადღებით განიხილება. არსებობს ნათელი ისტორიული მაგალითები, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები განმცხადებელ ქვეყანაში არა მხოლოდ მკაცრად გააკრიტიკა ევროკავშირმა, არამედ შეაჩერა მისი ევროკავშირში გაწევრიანება.

მაგალითად, ეს მოხდა სლოვაკეთის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ მეჩიარის დროს. მეჩიარის მერ ძალაუფლების მიტაცებამ, სლოვაკეთში ადამიანის უფლებების მხრივ ცუდმა მდგომარეობამ და დემოკრატიის დეფიციტმა განაპირობა ის, რომ 1997 წელს ქვეყანამ არ მიიღო მიწვევა, შეერთებოდა ცენტრალურ-აღმოსავლეთ ევროპის სახელმწიფოების ჯგუფს და მათთან ერთად დაეწყო ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებები. იმ დროს სლოვაკების აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერდა მხარს მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას. თუმცა, მხოლოდ სახალხო მხარდაჭერა არ არის საკმარისი გაწევრიანებისთვის. დემოკრატია, ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა საკმარისად უნდა იყოს ფესვგადგმული აპლიკანტ ქვეყანაში მოლაპარაკების პროცესის დასაწყებად. მხოლოდ მაშინ, როდესაც მეჩიარმა 1998 წელს არჩევნები წააგო, გაწევრიანების მიმართულებით პროცესები შესაძლებელი გახდა, დაძრულიყო. ახალ მთავრობას მიკულაშ ძურინდას მეთაურობით ძალიან რთული ამოცანა ჰქონდა – მას უნდა გამოესწორებინა სლოვაკეთის შელახული საერთაშორისო იმიჯი და დაემტკიცებინა, რომ მეჩიარის ეპოქის ყველა ხარვეზი გამოსწორებული იყო. მათ მიაღწიეს წარმატებას და სლოვაკეთი არის ევროკავშირის წარმატებული წევრი ქვეყანა 2004 წლიდან.

ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ ეხება ჩვენი, საქართველოს მეგობრების სიტყვებით დარწმუნებას, ეს ეხება რეალურ ვალდებულებას და ერთიან ძალისხმევას, რაც უნდა აჩვენოს მთავრობამ, პოლიტიკურმა ოპოზიციამ და ხალხმა. საქართველოს მთავრობამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველოს პრობლემები თბილისშია მოსაგვარებელი და არა ბრიუსელში. თუ ეს გამოწვევა ძალიან დიდია ამ მთავრობისთვის, არსებობს დემოკრატიული გზები, რომ გადასცეს ის სხვებს, ნებისმიერ ფასად სკამებზე მიჯაჭვის გარეშე. მეორე მხრივ, ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა იპოვონ ძალა, რომ მათზე მაღლა ცალკეული საკითხები დააყენონ და საქართველოს მოსახლეობას შესთავაზონ ევროინტეგრაციის სანდო სტრატეგია და გამოიჩინონ სანდო ლიდერობა, რაც საჭიროა ამ ამოცანის შესასრულებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, დადგეს მომენტი, როცა საქართველოს მოსახლეობას მოუწიოს გადაწყვიტოს, რას აირჩევს – დღევანდელ პოლიტიკურ სტრუქტურას ბ. ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ ლიდერობით, თუ საქართველოს ევროპულ მომავალს". – ნათქვამია ევროპარლამენტარების წერილში.

კომენტარები