რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა პოლტავას ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა პოლტავას ოლქში რუსული რაკეტა ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია პოლტავას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, დმიტრი ლუნინმა გაავრცელა.

"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა პოლტავას თავზე მტრის რაკეტა ჩამოაგდეს. ნუ უგულებელყოფთ საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალის ხმას. დიდება უკრაინას". - წერს დმიტრი ლუნინი.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები