უკრაინა-ევროკავშირი

ევროკავშირმა უკრაინიდან იმპორტირებულ საქონელზე ერთი წლით ყველა გადასახადი გააუქმა

Frederick Florin / AFP

ევროკავშირმა ოფიციალურად გააუქმა ყველა გადასახადი საქონელზე, რომელიც უკრაინიდან ბლოკის ქვეყნებში შევა. გადაწყვეტილება 4 ივნისიდან ამოქმედდება და 2023 წლის 5 ივნისამდე იმოქმედებს.

"ეს არის უპრეცედენტო ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის აგრესიის გამო მნიშვნელოვნად დასუსტებული უკრაინის ეკონომიკის განვითარებას. ეს ხელს შეუწყობს იმ რთული ვითარების დაძლევას, რომელშიც უკრაინელი მწარმოებლები და ექსპორტიორები აღმოჩნდნენ რუსეთის სამხედრო შეჭრის შემდეგ". – თქვა სოფლის მეურნეობისა და ვაჭრობის სფეროში ევროკომისიის სპიკერმა, მირიამ გარსია ფერერმა.

გადასახადების გაუქმება შეეხება უკრაინიდან ექსპორტირებული სამრეწველო პროდუქციას, ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტს, ასევე ანტიდემპინგურ გადასახადს ფოლადის იმპორტზე. ახალი წესის შესაბამისად, უკრაინიდან ევროკავშირში საქონლის შეტანა გადასახადის გადახდის გარეშე იქნება შესაძლებელი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები