უკრაინა-ევროკავშირი

ევროკავშირმა უკრაინის EU-ში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების ჩარჩო დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დასაწყებადაა საჭირო. უკრაინასა და ევროკავშირს შორის პირველი მთავრობათაშორისი კონფერენცია 25 ივნისს გაიმართება. განცხადებას ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ავრცელებს.

"დღეს ევროკავშირის 27-მა წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა მოლაპარაკებების ჩარჩო, რომელიც აუცილებელია უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.

მე მადლიერი ვარ ევროსაბჭოსა და ევროპის საბჭოს ბელგიელი თავმჯდომარეობის ძლიერი პოლიტიკური ნებისთვის. ველით მომდევნო კვირას, 25 ივნისს, როდესაც უკრაინა და ევროკავშირი პირველ მთავრობათაშორის კონფერენციას გამართავენ და მყისიერ დაიწყებენ მოლაპარაკებების პროცესს.

მოლაპარაკებების ჩარჩო ასევე დამტკიცდა მოლდოვისთვის. ჩვენ ვულოცავთ მოლდოველ მეგობრებს საზიარო ევროპული მომავლისკენ ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას. ჩვენ ერთად გავაძლიერებთ ევროკავშირს.

მადლიერი ვარ ჩვენი გუნდის ყველა წევრის მიმართ, რომლებმაც ბევრი იშრომეს, რათა ეს ისტორიული ნაბიჯი რეალობად ქცეულიყო. მილიონობით უკრაინელსა და ჩვენი ხალხის თაობებს რეალობაში მოჰყავთ თავიანთი ევროპული ოცნება. უკრაინა უბრუნდება ევროპას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ეკუთვნოდა, როგორც ევროპული საზოგადოების სრულფასოვანი წევრი". - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე. 

25 ივნისს უკრაინასთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებს მოლდოვაც. მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ დღეს, 21 ივნისს, ხელი ოფიციალურად მოაწერა განკარგულებას მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ. 

კომენტარები