ოკუპირებული ცხინვალი

მედვედევი უკრაინა-საქართველოს ოკუპირებულ მიწებზე: შეერთების ნებას ვერ უგულებელვყოფთ

დმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ექსპრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა Al Jazeera-სთან ინტერვიუში უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შეერთებაზე ისაუბრა

"რაც შეეხება ადამიანთა ნებას, რომლებიც ამ რესპუბლიკების (ე.წ. დონეცკის, ლუგანსკისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს) ტერიტორიებზე, სხვა ტერიტორიული ერთეულეზე ცხოვრობენ, ჩვენ ძალიან ყურადღებით გავაანალიზებთ ამ ნებას და მივიღებთ გადაწყვეტილებებს რუსეთის კონსტიტუციის შესაბამისად". – უპასუხა მედვედევმა შეკითხვას, არის თუ არა რუსეთი მზად, რომ უკრაინის ხერსონის ოკუპირებული ოლქი და საქართველოს ცხინვალის რეგიონი შეიერთოს. 

მედვედევის თქმით, ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის რუსეთთან შეერთების "ნების უგულებელყოფა შეუძლებელია" და განხორციელებისთვის საჭიროა მათი ფორმულირება.

"ამ ნების უგულებელყოფა შეუძლებელია, მაგრამ იმისთვის, რომ ასეთი საკითხები განიხილებოდეს, საჭიროა ამ ნების ფორმულირება". – აღნიშნა მედვედევმა. 

რუსეთთან შეერთებაზე საუბრობდა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ოლქის, ხერსონის მარიონეტი მეთაური, ასევე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში იგეგმებოდა ე.წ. რეფერენდუმის დანიშვნა. 


ოკუპირებული ცხინვალის ახალმა მარიონეტმა ლიდერმა გასულ დღეებში თავდაპირველად ხაზი გაუსვა იმას, რომ რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარება ძვირი დაუჯდებოდათ და პროცესისთვის ფულის სესხება დასჭირდებოდათ, რამდენიმე საათის შემდეგ კი პროცესი შეაჩერა

ოკუპირებული ცხინვალის ყოფილმა მარიონეტმა ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა, მმართველობის ბოლო დღეებში, 13 მაისს რუსეთთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის თარიღად 17 ივლისი დაასახელა

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში ჩრდილოეთ ოსეთთან შეერთებას მხარს უჭერს, თუმცა მან ბიბილოვი ე.წ. რეფერენდუმის თარიღის ნაჩქარევად დანიშვნის გამო გააკრიტიკა.

აქამდე გაგლოევმა აღნიშნა, რომ რეფერენდუმი ცალმხრივი არაა და მის ჩასატარებლად ისინი რუსეთის მხრიდან ნიშანს უნდა დალოდებოდნენ.

ანატოლი ბიბილოვი, რომელიც ე.წ. არჩევნებში დამარცხდა, ოკუპირებული ცხინვალის რუსეთისთვის შეერთებასა და ორი რეფერენდუმის დანიშვნას გეგმავდა. პირველი ე.წ. რეფერენდუმით, მას რუსეთთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტა სურდა, მეორეთი კი ჩრდილოეთ ოსეთთან გაერთიანება ერთიანი ფედერაციული სუბიექტის შექმნა.

ე.წ. რეფერენდუმის ფორმულირება კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა დაიწუნა. მან ასევე აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობას ამ ეტაპზე არ გეგმავს.

კომენტარები