რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"პუტინი ვერ გაიმარჯვებს, ჩვენ თქვენთან ვართ" – შოლცმა უკრაინელებს მიმართა

Reuters

გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა უკრაინელებს გერმანელების სრული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა და თქვა, რომ პუტინი ამ ომს ვერ მოიგებს. ამის შესახებ შოლცმა ტელემარათონის Save Ukraine მიმდინარეობის დროს, ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

"ფიქრებითა და გულით თქვენთან ვართ". - თქვა შოლცმა.

შოლცმა განაცხადა, რომ გერმანია პარტნიორებთან ერთად უკრაინას ეხმარება იმისთვის, რომ ეკონომიკური კოლაფსი თავიდან აიცილონ. აგრეთვე, თავის დასაცავად უგზავნის იარაღს. კანცლერმა ისიც დასძინა, რომ გერმანიამ უკრაინიდიან თითქმის 800 000 ლტოლვილიც მიიღო.

"პუტინი ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ თქვენთან ვართ, ჩვენ ერთიანები ვართ. ომის შემდეგ უკრაინის რეკონსტრუქციისთვის დასახმარებელ გეგმაზეც ვმუშაობთ". - მიმართა შოლცმა უკრაინელ ხალხს.

ტელეთონიდან შემოსული თანხა საავადმყოფოებისთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გადაირიცხება.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები