რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსულ აგრესიას მხოლოდ ხარკოვის ოლქში 37 ბავშვი ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას ომის დაწყებიდან დღემდე, მხოლოდ ხარკოვის ოლქში 37 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 108 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ხარკოვის ოლქის პროკურორის ოფისი ავრცელებს.

"ამ ომის 37 უდანაშაულო მსხვერპლი. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას ხარკოვის ოლქში ის შედეგი მოჰყვა, რომ 37 ბავშვი დაიღუპა და 108 დაშავდა. მხოლოდ გასულ 2 დღეში, 25 და 26 მაისს დაიჭრა ორი 9 წლის ბავშვი და დაიღუპა 5 თვის. ოკუპანტები სისტემატიურად ცდილობენ, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გაანადგურონ. მოგვაწოდეთ ინფორმაცია რუსების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების შესახებ, რომლებმაც ბავშვებიც აზარალა". - წერს ხარკოვის ოლქის პროკურორის ოფისი.

გაეროს ინფორმაციით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე, ოკუპანტების აგრესიას 3 752 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის 250 ბავშვია. სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 4 062-მა მშვიდობიანმა მოქალაქემ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები