ნიკა გვარამიას საქმე

კობახიძე: საელჩოს განცხადება ჩვენთვის ზუსტად ჩხიკვაძეზე ინფორმაციის უარყოფას ნიშნავს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

"ეს განცხადება ჩვენთვის ზუსტად ამას ნიშნავს" - საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კითხვას, რომ მმართველი გუნდი აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეზე გავრცელებული ინფორმაციის უარყოფას ითხოვდა.

"ამერიკის საელჩო რაღაცას რომ აკეთებს, მერე ამას ღიადაც ამბობს, მე ასე მგონია და როდესაც ამ შინაარსის განცხადება ვრცელდება, ეს არის ზუსტად იმის დადასტურება, რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა და ბრალს სდებდა დანაშაულში ამერიკის საელჩოს, რაც არის სრულიად მიუღებელი მოვლენა. თუ რამე არის ანტიდასავლური კამპანია, ეს არის ის, როდესაც ოპოზიცია ამერიკის საელჩოს ბრალს სდებს სასამართლოზე ზეწოლაში. ეს არის ანტიდასავლური კამპანია და ეს აღარ უნდა განმეორდეს. ამას პასუხი გაეცა ცალსახად. ბუნებრივია, ამერიკის საელჩო ვერ იკადრებდა სასამართლოზე ზეწოლას, გამორიცხულია“, – თქვა კობახიძემ.

კითხვაზე, რატომ ვერ წავიდა ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ში, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ყველაფერს მოეფინება ნათელი.

"ერთადერთი, რა ინფორმაციაც გაქვთ თქვენ, ეს არის რადიკალური ოპოზიციის მიერ გავრცელებული რაღაც ამბები, მეტი არაფერი. ეს არის და ეს. დანარჩენს ყველაფერს მოეფინება ნათელი“, – აღნიშნა კობახიძემ.

საქართველოში აშშ-ს საელჩომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიმართვას 25 მაისს უპასუხა და განაცხადა, რომ "30 წელია, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან".

ლაშა ჩხიკვაძე მთავარი არხის გენერელური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლეა. საქმეზე განაჩენის გამოტანის შემდეგ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე აშშ-ის მთავრობის დაფინანსებული პროგრამით შეერთებულ შტატებში გვარამიას საქმეზე გამოტანილი განაჩენის გამო აღარ გაემგზავრება. საპასუხოდ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ "სპეკულაციებს საელჩოს ერთი მცირე განცხადება მარტივად დაასრულებდა". მისივე სიტყვებით, აშშ-ს საელჩოს დუმილი ქართული ოცნების პოზიციაზე თანხმობის ნიშანია. 

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

კომენტარები