მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

სააკაშვილი: ხერხემალზე მაქვს ტრავმა, ქირურგიული ჩარევაა საჭირო, რთულად ვიმორჩილებ კიდურებს

მიხეილ სააკაშვილი
საზოგადოებრივი მაუწყებელი

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ MRT კვლევით ხერხემალზე ტრავმა დაუდგინდა, რომელიც, მისივე თქმით, სავარაუდოა, რომ გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მიიღო. ექსპრეზიდენტის წერილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჟურნალისტებს ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ეკა ხერხეულიძემ გააცნო.

"ვინაიდან ძალიან ბევრი სპეკულირებს ჩემი ჯანმრთელობის ირგვლივ გადავწყვიტე, პირადად ღიად ვისაუბრო იმაზე, თუ რას ვგრძნობ. MRT-ით ხერხემალზე დამიდგინეს ტრავმა, რომელიც დიდი ალბათობით, გლდანში ძალის გამოყენებით გადაყვანისას მივიღე. ეს ტრავმა, როგორც მივხვდი, საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. მაქვს ზურგის არეში ძლიერი ტკივილები და დღეში რამდენჯერმე მიკეთებენ ტკივილგამაყუჩებელ ნემსს. მაქვს ძლიერი ტრემორი და თავბრუსხვევა. სულ უფრო რთულად ვიმორჩილებ კიდურებს, განსაკუთრებით მარცხენა ხელს. მაქვს მუდმივი ძლიერი ტკივილი ქვედა კიდურებში. ნეიროქირურგმა, რომელმაც გამსინჯა გამოთქვა ვარაუდი, რომ კუნთები შეიძლება მალე ჩაიკეტოს და შემდეგ მისი აღდგენა შეუძლებელი იქნება. მე არ ვიცი, ეს ზუსტად რას ნიშნავს, მაგრამ ის რაც ვიცი ნამდვილად ასეა, რომ სულ უფრო მიჭირს გადაადგილება და ძირითადად წოლით რეჟიმში ვიმყოფები. MRT-ით ასევე თავის ტვინში დადგინდა გარკვეული ცვლილებები, რის შესახებაც მე ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს. ამ ყველაფერს ემატება რამდენიმე ათეული დღის განმავლობაში საკვების სრული მიუღებლობა. საქმე იმაშია, რომ მხოლოდ მოწოდებებით, რომ არ ვიწვე და ვიკვებო საქმე არ სწორდება, თორე ვინც მიცნობთ, ყველამ კარგად იცით, რომ ვერტიკალური მდგომარეობა არ მახასიათებდა, არც უმადობას ვუჩიოდი ოდესმე. საჭიროა პოლიტიკისგან სრულად დაცლილი მკურნალობა რისი მიღება საქართველოში ამ ეტაპზე შეუძლებელია". - ვკითხულობთ მიხეილ სააკაშვილის წერილში.

საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ვივამედის კლინიკაში 12 მაისს გადაიყვანეს. 

იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს კლინიკა ვივამედში გადაყვანა 10 მაისს შესთავაზა, რასაც ექსპრეზიდენტი დათანხმდა, თუმცა, თავისი პირობები დაასახელა.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებული სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. კონსილიუმის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განმარტებით, იმ პირობებში, როცა მიხეილ სააკაშვილს საჭირო ცილები არ მიეწოდება, იგი საკუთარ ორგანიზმს შლის, რასაც დეპრესია ემატება და ანორექსიას იწვევს.

სახალხო დამცველის მიერ ჩამოყალიბებულმა ექსპერტთა ჯგუფმა მიხეილ სააკაშვილი 22 აპრილს მოინახულა. ომბუდსმენის, ნინო ლომჯარიას რეკომენდაციით, საჭიროა ჩამოყალიბდეს სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებს.

თავად მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანას ითხოვს.

კომენტარები