რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ფონ დერ ლეიენი: დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ფიტავს კრემლის ომის მანქანას

Kenzo Tribouillard/AFP/Getty Images

 

"ჩვენი და ასევე კომპანიების მიერ დამოუკიდებლად დაწესებული სანქციები რუსეთის ეკონომიკას, შესაბამისად, კრემლის ომის მანქანას ფიტავს". – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულ ფონ დერ ლაიენმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ისაუბრა. 

ფონ დერ ლეიენის თქმით, ომი უკრაინაში საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის ან ევროპის უსაფრთხოებას, არამედ მთელი სამყაროს საერთაშორისო წესრიგი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. 

"ამიტომ არის რუსეთის აგრესიასთან დაპირისპირება მთელი გლობალური საზოგადოების ამოცანა. უკრაინამ ამ ომში უნდა გაიმარჯვოს და პუტინის აგრესია სტრატეგიული მარცხი უნდა იყოს. რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რათა  უკრაინის მიერ უპირატესობის მოპოვებას და მათი მომავლის საკუთარ ხელებში დაბრუნებას შევუწყოთ ხელი". – ამბობს ფონ დერ ლაიენი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაეხმარება უკრაინას ქვეყნის ხელახლა აშენებაში.

"ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები დავეხმარებით უკრაინას, აღდგეს ფერფლიდან. ეს არის ის იდეა, იმ რეკონსტრუქციის პლატფორმის უკან, რაც მე პრეზიდენტ ზელენსკის შევთავაზე". – თქვა ფონ დერ ლეიენმა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები