საქართველოს საპატრიარქო

მეუფე შიო: ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზი მშვიდობისკენ არის მიმართული

რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვფიქრობთ აფხაზეთზე, ვფიქრობთ ცხინვალის რეგიონზე, ვფიქრობთ იმ ტრაგედიაზე, იმ საშინელ ომზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ. ათასობით ადამიანი არის დაღუპული როგორც აფხაზი, ისე ქართველი, 300 ათასამდე ადამიანი განდევნილი, გამოძევებული თავისი მშობლიური კუთხიდან და ჩვენი სამშობლოს უმშვენიერესი მხარე, აფხაზეთი, დროებით ჩამოშორებულია.

როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს, არასდროს არ უნდა ვთქვათ, რომ დაკარგულია, არამედ დროებით ვერ ვაკონტროლებთ ამ მხარეს.

და რა არის გამოსავალი, ძვირფასო ძმებო და დებო? ერთია მხოლოდ გამოსავალი – ეს არის მშვიდობა, ეს არის შერიგება, ეს არის გზა სიყვარულისა და გზა ქრისტესი, რომელიც გვიანდერძა ჩვენ სვიმონ კანანელმა. ჩვენ მშვენივრად გვესმის, რომ ეს, რა თქმა უნდა, იყო ღვთის წინაშე შეცოდების შედეგი როგორც ქართველების, ასევე აფხაზებისა და, რა თქმა უნდა, გვესმის ისიც, რომ იყო სხვა ძალებიც, რომლებიც იყვნენ დაინტერესებულნი ამ კონფლიქტის გაჩაღებაში, ამ ომის გაღვივებაში და ამიტომ გადარჩენის გზა მხოლოდ ამაშია, მშვიდობაში, სიყვარულში და იმაში, რომ შევუნდოთ ერთმანეთს, შევთხოვოთ პატიება და შევუნდოთ ერთმანეთს ღვთის წინაშე ჩვენი შეცოდებები. გვაქვს იმედი, რომ ეს ასეც მოხდება, რომ ჩვენ მოვესწრებით გამთლიანებულ საქართველოს. და ძალიან სასიხარულოა, რომ დღეს ჩვენი ქვეყნის გეზიც სწორედ მშვიდობისკენ არის მიმართული, ეს არის ერთადერთი საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც ბედნიერნი იყვნენ და აფხაზებიც, ასევე ცხინვალის რეგიონში მცხოვრებნი ჩვენი ძმებიც.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, თქვა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ქადაგებისას.

კომენტარები