რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ავსტრალია უკრაინას 34 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს

M113s  ჯავშანტრანსპორტიორი

ავტრალია უკრაინას 34 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცმეს. უკრაინისთვის დახმარების ახალი პაკეტი 14 ჯავშანტრანსპორტიორ M113-ს და 20 Bushmaster-ს მოიცავს. ინფორმაციას ავსტრალიური ჟურნალი Australian Defence Magazine-ი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ავსტრალია ასევე სამედიცინო მარაგის, რადიაციული მონიტორინგისა და პერსონალური დაცვის აღჭურვილობის მიწოდებას უზრუნველყოფს.

"დამატებითი დახმარება უკრაინის მთავრობას რუსეთის სასტიკ, შეუპოვარ და უკანონო შეჭრაზე პასუხის გასაცემად კიდევ უფრო დაეხმარება". - წერია ჟურნალში.

1 აპრილს ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, სკოტ მორისონმა აღნიშნა, რომ ქვეყანა უკრაინაში Bushmaster-ის ჯავშანტექნიკას პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოთხოვნის საპასუხოდ გაგზავნის.

"ჩვენ უკრაინას მხოლოდ ლოცვებს არ ვუგზავნით, ვგზავნით იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას. ვაკეთებთ ყველაფერს. ვაგზავნით ჯავშანტექნიკას, მათ შორის Bushmaster-ს". - თქვა პრემიერმინისტრმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები