რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რუსეთმა დონბასი ჯოჯოხეთად გადააქცია – ზელენსკი

Efrem Lukatsky/AP

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ ინტენსიური ბრძოლებით რუსეთმა აღმოსავლეთ დონბასი "ჯოჯოხეთად გადააქცია".  

მისივე სიტყვებით, ოკუპანტებმა დონბასი გაანადგურეს. ზელენსკი ასევე ამბობს, რომ რუსეთის ჯარები ოდესის ოლქს შეუჩერებლად უტევენ. უკრაინის პრეზიდენტის სიტყვებით, რუსეთის შეტევებს სამხედრო ახსნა არ აქვს. 

"ეს მიზანმიმართული და დანაშაულებრივი მცდელობაა, რომ რაც შეიძლება მეტი უკრაინელი იმსხვერპლონ, გაანადგურონ რაც შეიძლება მეტი სახლი, სამოქალაქო ობიექტი და საწარმო". - თქვა მან.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები