რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პალამარი: სარდლობასთან ერთად აზოვსტალის ტერიტორიაზე ვართ, მიმდინარეობს ოპერაცია

სვიატოსლავ პალამარი

აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიიდან ახალი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

მისი თქმით, ქარხნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს ოპერაცია.

"მე და სარდლობა ვიმყოფებით აზოვსტალის ქარხნის ტერიტორიაზე. გრძელდება გარკვეული ოპერაცია, რომლის დეტალებსაც არ გავამხელ. შევხვდებით". – თქვა პალამარმა ვიდეომიმართვაში.

19 მაისს ზოგიერთი რუსული მედია ავრცელებდა დეზინფორმაციას, რომ პალამარი ტყვედ ჩაბარდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიხედვით, 19 მაისის მონაცემებით, ჯამში გამოყვანილია 1 730 სამხედრო, აქედან 80 მძიმედ დაჭრილი.

16 მაისის შემდეგ მარიუპოლში აზოვსტალის ქარხნიდან 1 000-მდე უკრაინელი სამხედრო რუსული ძალების თანხლებით მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაიყვანეს. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.

რუსული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის გამომძიებლები დაკითხავენ უკრაინელ მებრძოლებს, რომელთა ევაკუაციაც მარიუპოლში მდებარე აზოვსტალის ქარხნიდან მოხდა. ამასთან, რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, რომ უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს.

აზოვსტალში მყოფი სამხედროების შესახებ უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებული ბოლო ცნობებით, ქარხანაში 1 000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი იყო, რომელთაგან ბევრი დაშავებულია. აზოვსტალის ქარხანა უკვე დატოვა ყველა ქალმა, ბავშვმა და მოხუცმა.

კომენტარები