ისრაელი

ისრაელი სამხედრო წვრთნების ფარგლებში ირანზე თავდასხმის სიმულაციას გამართავს

ისრაელის ავიაგამანადგურებლები საბერძნეთში ჩატარებულ საავიაციო საერთაშორისო წვრთნებზე, 2022 წლის 3 აპრილი.

ისრაელის შეიარაღებული ძალები 29 მაისს დაიწყებს ერთთვიან სამხედრო წვრთნებს, რომლის ფარგლებშიც მოხდება ირანზე თავდასხმის სიმულაციაც. 

ოთხკვირიან წვრთნებში, რომელსაც ცეცხლოვანი ეტლები ჰქვია, მონაწილეობას ისრაელის შეიარაღებული ძალების თითქმის ყველა დანაყოფი მიიღებს. 

ფართომასშტაბური საჰაერო მანევრები, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანის სიმულაციის ჩათვლით, წვრთნების მეოთხე კვირას დაიწყება და ხმელთაშუა ზღვის თავზე ჩატარდება. ვარჯიშების განმავლობაში აქცენტი გაკეთდება ისრაელის ჩრდილოეთ საზღვრებზე ლიბანში არსებული ირანის მარიონეტული დაჯგუფების, ჰეზბოლას წინააღმდეგ ბრძოლაზეც. 

წვრთნების ფარგლებში, მოხდება ღაზის სექტორის მიერ შესაძლო პრობლემების გამოწვევისა და პალესტინელთა გაძლიერებული საპროტესტო აქციებისა და არეულობის წინააღმდეგ მომზადებაც.

გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

ისრაელის მედიის დაუდასტურებელი ცნობით, ირანზე თავდასხმის სიმულაციაში მონაწილეობას მიიღებენ აშშ-ს საწვავის მზიდი თვითმფრინავებიც, რომლებიც საჭიროა ავიაგამანადგურებლების საწვავის მარაგების შესავსებად.

ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში მედია სააგენტო Reuters-მა, აშშ-ს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ და ისრაელი ირანზე თავდასხმის წვრთნებს ჩაატარებდნენ.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ჩატარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები