ნიკა გვარამიას საქმე

დეკანოზი ანდრია შეწყალების მოთხოვნაზე: რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, ლოგიკაში არ ჯდება

"არამგონია, რაც ნიკა გვარამიამ ჩვენ გვლანძღა, რაღაც ლოგიკაში არ ჯდება" – ასე უპასუხა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV პირველის ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა საპატრიარქო, რომ პრეზიდენტს მთავარი არხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შეწყალების თხოვნით მიმართოს.

16 მაისს მთავარი არხის დირექტორს ნიკა გვარამიას მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ 50 000-ლარიანი ჯარიმა და 3 წლის და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასჯელის შთანთქმის პრინციპით გვარამიას ჯარიმა მოეხსნა და საბოლოო სასჯელად პატიმრობა დარჩა. მოსამართლის განკარგულებით, მთავარი არხის დირექტორი სასამართლო დარბაზში დააკავეს. 

ნიკა გვარამია რუსთავის 2-ის საქმეზე რამდენიმე მუხლით იყო ბრალდებული (ყალბი დოკუმენტაციის დამზადება, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია, კომერციული მოსყიდვა და ქონების გაფლანგვა). მოსამართლემ პირველ სამ ბრალდებაში გაამართლა, გაფლანგვის მუხლი კი, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ე.წ 2015 წლის ეპიზოდზე მთავარი არხის დირექტორს 50 000-ლარიანი ჯარიმა მიესაჯა, ხოლო ე.წ ავტომანქანის ეპიზოდზე თავისუფლების აღკვეთა. 

რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან ერთად ბრალდებულებს, სასამართლომ ზურაბ იაშვილი გაამართლა, ხოლო კახაბერ დამენიას 50 000-დოლარიანი ჯარიმა დაუწესა.

კომენტარები