რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

"მარიუპოლის მცველების გადასარჩენად!" – პარლამენტთან 15 მაისს აქცია გაიმართება

დაჭრილი უკრაინელი სამხედრო აზოვსტალში

"მარიუპოლის მცველების გადასარჩენად!" - ამ სახელმწოდებით 15 მაისს 14:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება. აქციის ორგანიზატორი უკრაინის მოქალაქე, მიხაილო ულიანინია. 

"ყველამ იცის ქალაქ მარიუპოლში შექმნილი კრიტიკული ვითარება და ქარხანა აზოვსტალის ტერიტორიაზე ბლოკირებული ხალხი. მარიუპოლის დამცველები აგრძელებენ წინააღმდეგობას, მიუხედავად თვითმფრინავების მუდმივი დაბომბვისა, არტილერიით, ტანკებითა და სხვა იარაღით დაბომბვისა. მტერი არ წყვეტს უკრაინული ციხის აღების მცდელობას და აგრძელებს ყოველდღიურ თავდასხმებს ქვეითი ჯარის მხარდაჭერით. აზოვსტალში დრო შეზუდულია.

ერთი კვირის წინ, აქტივისტებმა შექმნეს პეტიცია, მოუწოდეს გაეროს, გაეროს გენერალურ მდივანს, ისევე, როგორც რეგიონალურ ლიდერებს მთელი მსოფლიოდან, ყურადღება მიაქციონ 21-ე საუკუნის ამ კატასტროფას და მიიღონ სასწრაფო ზომები ჩვენი გმირების გადასარჩენად. პეტიციამ რამდენიმე დღეში 1 მილიონზე მეტი ხელმოწერა მოიპოვა და პროცესი გრძელდება, მაგრამ ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

ჩვენ, ხალხი, რომელსაც გვაღელვებს, მოვუწოდებთ ჩვენნაირებს, გავერთიანდეთ და კვირას გამოვიდეთ აქციაზე უკრაინის და მარიუპოლის დამცველების მხარდასაჭერად! ჩვენი პოზიციის გამოსახატავად, თქვენ უნდა მივიპყროთ მეტი ყურადღება საერთაშორისო მედიისა და გავლენიანი ადამიანების მხრიდან. და, რაც მთავარია, მივიღოთ კონკრეტუი ზომები, რომლებიც მიმართულია ჩვენი გმირების გადასარჩენად!

გელოდებით ყველას 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ მოედანზე!" - წერია აქციის აღწერაში. 

აზოვსტალის ფოლადის ქარხანას, რომელშიც მარიუპოლის მცველები ამ დრომდე რჩებიან, რუსი ოკუპანტები კვლავ უტევენ. უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, აზოვსტალიდან თავდაპირველად 60 ადამიანის გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს. მისივე ცნობით, რუსეთი ყველა ადამიანის ერთად გამოყვანას არ თანხმდება. 

12 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზოვსტალიდან სამხედროების ევაკუაცია თურქეთის შუამავლობით იგეგმება.   

19 აპრილს რუსმა ოკუპანტებმა და მათ მიერ მხარდაჭერილმა სეპარატისტებმა აზოვსტალის ქარხანაზე, სადაც მარიუპოლში უკრაინელთა ბოლო ძალებია გამაგრებული, იერიში დაიწყეს. ოკუპანტები იყენებდნენ მძიმე ბომბებს, ხსნიდნენ საარტილერიო და სატანკო ცეცხლს.

20 აპრილს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ აზოვსტალზე შტურმი მიზანშეწონილი არ არის და მას თავდასხმის გაუქმება უბრძანა.  პუტინმა აზოვსტალის პოლკს დანებებისკენ მოუწოდა და ამტკიცებს, რომ მათი უსაფრთხოება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით იქნება დაცული.

მაისში რუსმა ოკუპანტებმა აზოვსტალის ქარხანაზე მასიური იერიშები განაახლეს. აქამდე, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია შესაძლებელი გახდა.

რუსი ოკუპანტები მარიუპოლის აზოვსტალის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ. მანამდე ისინი უკრაინელი სამხედროების დაცვის გარღვევას ვერ ახერხებდნენ. ქარხანაში შეჭრამდე ოკუპანტები ტერიტორიას ბომბავდნენ. შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას კრემლი უარყოფს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, 7 მაისს აზოვსტალიდან შესაძლებელი გახდა ყველა ქალის, ბავშვისა და მოხუცის ევაკუაცია.

მარიუპოლის ალყა უკვე რამდენიმე კვირაა, რაც მიმდინარეობს. ქალაქის ძირითადი ნაწილი ოკუპანტებმა დაიკავეს. აზოვსტალის ქარხანაში აზოვის პოლკისა და ეროვნული გვარდიის მებრძოლები არიან გამაგრებული.

მარიუპოლის მცველთა ერთ-ერთმა მეთაურმა, უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითთა ცალკეული ბრიგადის მაიორმა, სერგეი ვოლინამ ვიდეომიმართვაში მსოფლიოს ლიდერებს დახმარებისთვის მიმართა.

"ვიცავთ ერთ ობიექტს, ქარხანას, სადაც ომში მომწყვდეული მარიუპოლის სამხედრო გარნიზონი და მშვიდობიანი მოქალაქეები იმყოფებიან. მივმართავთ მსოფლიო ლიდერებს დახმარებისთვის. ვთხოვთ გაყვანის პროცედურის შესრულებასა და ჩვენი მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე გადაყვანას. მარიუპოლის გარნიზონში 500-ზე მეტი დაჭრილი ჯარისკაცია, არიან ასობით მოქალაქეები, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას მესამე ქვეყნის ტერიტორიაზე. მადლობა". – ამბობდა ვოლინა.

კომენტარები