პოლონეთი-რუსეთი

პოლონური მედია: პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა, საუბარია 5 მილიონ ზლოტზე

პოლონური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პროკურატურამ რუსეთის საელჩოს ანგარიშები დაუბლოკა. ელჩი სერგეი ანდრეევი პოლონეთს ვენის კონვენციის დარღვევაში ადანაშაულებს და უჩივის. მისი მტკიცებით, თანხა "მიმდინარე მომსახურებისთვის" იყო განკუთვნილი. Rzeczpospolita-ს ცნობით, პროკურატურა დიდი ალბათობით არ განიხილავს საჩივარს და სავარაუდოდ, საქმე სასამართლოს გადაეცემა. პროკურატურის მიერ დაყადაღებული თანხა თითქმის 5 მილიონი ზლოტია (დაახლოებით 1.1 მლნ დოლარი).

გამოცემის ინფორმაციით, პოლონეთის პროკურატურის მტკიცებით, რუსეთის საელჩო საბანკო ანგარიშებს "ტერორისტული საქმიანობის ან ფულის გათეთრების დასაფინანსებლად" იყენებდა. სახსრების ბლოკადის მიზეზი იყო რუსი დიპლომატების რამდენიმე მცდელობა, დიდი  ოდენობით თანხა ანგარიშიდან გამოეტანათ და ფინანსური ოპერაციები ნაღდი ფულით შეესრულებინათ. ტრანზაქციები ფინანსური ინფორმაციის გენერალურმა ინსპექტორმა შეაჩერა, რომელიც თავის მხრივ, ბანკმა გააფრთხილა (პოლონური კანონმდებლობით, ბანკებმა უნდა აცნობონ ფინანსური ინფორმაციის დირექტორს 15 000 ევროზე მეტის (ან მისი ეკვივალენტის) ტრანზაქციების შესახებ თუ ის საეჭვოდ მოეჩვენებათ).

იმის გამო, რომ ფინანსურ პოლიციას თანხის დაბლოკვა მხოლოდ მცირე დროით შეუძლია, მათ პროკურატურას მიმართეს.

"მეორე დღესვე დაიწყო გამოძიება და გამოიცა გადაწყვეტილება საბანკო ანგარიშების დაბლოკვისა და გარკვეული ტრანზაქციების შეჩერების შესახებ" - უთხრეს Rzeczpospolita-ს ეროვნულ პროკურატურაში.


9 მაისს რუსეთის ელჩს პოლონეთში, სერგეი ანდრეევს ვარშავაში წითელი საღებავი შეასხეს. მან საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკო, სადაც დემონსტრანტები უკრაინის დროშებით და უკრაინის ქალაქების ნგრევის ამსახველი ბანერებით დახვდნენ. აქციის მონაწილეებს სისხლიანი ტანსაცმელი ეცვათ. ისინი რუსეთის საელჩოს თანამშრომლებს "ფაშისტებს" ეძახდნენ. 

"მე ვამაყობ ჩემი პრეზიდენტით". - თქვა სერგეი ანდრეევმა წასვლისას და ოკუპირებულ დონეცკსა და ლუგანსკზე თქვა, რომ "ეს ტერიტორიები არ ეკუთვნის უკრაინას“. პოლონური მედიის ცნობით, მან ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა. 

სერგეი ანდრეევის შეფასებით, "ყველაფერი დიდი ხნის მომზადებულია". მას არ სჯერა, რომ "ეს იყო რაღაც სპონტანური ქმედება". რუსეთის ელჩი მიიჩნევს, რომ მასზე თავდასხმის მზადებას "შესაბამისი პოლონური სამსახურები აკონტროლებდნენ". ანდრეევის თქმით, პოლონეთის ხელისუფლება თავად მას ადანაშაულებს "განზრახ პროვოკაციაში“. 

რუსეთში პოლონეთის ელჩს უთხრეს, რომ რუსული მხარე მომხდართან დაკავშირებით პოლონეთის თანამდებობის პირების ოფიციალურ ბოდიშს ელის, ასევე, რუსეთის ელჩისა და პოლონეთში რუსეთის საგარეო მისიების ყველა თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოითხოვს.  

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათი შემდეგი ნაბიჯები მოთხოვნაზე ვარშავის რეაქციაზე იქნება დამოკიდებული. 

კომენტარები