რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაერო რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე გამოძიებას იწყებს

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსი სამხედროების მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამოძიებას ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გაეროს წარმომადგენლები საგანგებო სხდომაზე ჟენევაში შეიკრიბნენ და ის ბრალდებები მოისმინეს, რომლებიც ომის დანაშაულებს ეხება, მათ შორისაა: მშვიდობიანი მოქალაქეების სიკვდილით დასჯა, ადამიანთა წამება, გაუპატიურებისა და გატაცების ფაქტები.

რეზოლუციას მხარი გაეროს 33-მა წევრმა დაუჭირა, 12-მა თავი შეიკავა, 2-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა, ესენი იყვნენ ჩინეთი და ერიტრეა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, 7 აპრილს, 93 ხმით 24 წინააღმდეგ, გაერომ ადამიანის უფლებათა საბჭოში რუსეთის მუშაობის შეჩერებას მხარი დაუჭირა.

რეზოლუციის პროექტში გაეროს გენერალური ასამბლეა აღნიშნავდა, რომ "ადამიანის უფლებათა საბჭოში წევრობის უფლებას შეუჩერებენ მას, ვინც სჩადის ადამიანის უფლებათა უხეშ და სისტემატურ დარღვევას". 

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები